ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მოსახლეობასთან კამპანიას ატარებს – „დარჩი სალში”. ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ ბოიკოტი მნიშვნელოვანია და მათი ამოცანაა, რომ არჩევნები არ შედგეს და მასზე მილიონზე მეტი ადამიანი არ მივიდეს.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, არევნებზე „ორი კაციც რომ მივიდეს”, არჩევნები ჩატარებულად ითვლება. ეს კამპანია კი, დიდი ალბათობით, თავად ოპოზიციას დააზარალებს, რადგან „ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერების მობილიზაციას შეძლებს და ყველა საკრებულოს მოიგებს. ოპოზიციის სრული მობილიზაციის შემთხვევაში კი, ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, დიდ ქალაქებში „ოცნებას” გამარჯვება გაუჭირდება, რაც მას სერიოზულად დააზარალებს.
ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. პარტია „გახარია საქართველოსთვის” ღიად ამბობს, რომ ისინი „ნებისმიერ შემდგომ არჩევნებში” მიიღებენ მონაწილეობას. კოალიცია „ძლიერ საქართველოსაც” მიაჩნია, რომ პარტია ყველა არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ბოიკოტის მომხრეა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და „კოალიცია ცვლილებებისთვის”.
კამპანია „დარჩი სახლში”
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა – ეს ბიძინა ივანიშვილის მხარეს გადასვლაა.
„ბიძინას ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში ყველამ უარი უნდა თქვას და ვინც შევა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხარეს გადასვლა. ე.წ. არჩევნების ბოიკოტირება ძალიან მნიშვნალოვანია. დასაქნცირებული ივანიშვილი, დასანქცირებული კალანდარიშვილი… კალანდარისვილს თავი დავანებოთ, როცა ივანიშვილი ისევ ხელისუფლებაშია და რაღაც ტარდება, ესაა სპექტაკლი. ამ წლების განმავლობაში ბევრჯერ ვცადეთ და ბევრჯერ ვნახეთ და გავიგეთ, რომ ეს კაცი უბრალოდ წერს რასაც უნდა.
„ეს ე.წ. ტაბლო რომ ბიძინას უჭირავს და რა ანგარიშიც უნდა, იმას დააფიქსირებს, მის არჩევნებში მონაწილოება არის სპექტაკლში მონაწილოება… გახარიასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, რამდენიმე დღის წინ პირველმა თქვენს ეთერში ვთქვი, რომ გახარია ივანიშვილს გაურიგდა-მეთქი და დიდი ამბავი ატყდა. ახლა ვხედავთ, ხომ? მათ შორის იმას, რომ არჩევნებში შესვლა გადაწყვეტილი აქვს, იგივე კომისიაში მისვლა და ათასი სისულელეს ბლუყუნი.
„ჩემი აზრით, საზოგადოებამ კარგად გაიგო, რომ გახარია, სავარაუდოდ, გარიგდა სარგებლის გამო. თუ არა და გამოვიდეს და ხალხს უთხრას, რომ არაა გარიგებული.
„მინდა „ლელოს” მივმართო, რომ დააფიქსირონ პოზიცია. მათი კოლეგები – ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ირაკლი ოქრუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ასევე მზია ამაღლობელი და 60 პოლიტპატიმარი ციხეში არიან და ამ დროს შენ რომ არჩევნებში მონაწილოებ, ცოტა არასერიოზულია. ამ დროისთვის ჯერ კიდევ ამ ადამიანების მიმართ პატივისცემას ვინარჩუნებ და ჯერ კიდევ ველოდები, რომ უახლოეს პერიოდში კონკრეტულ პასუხს იტყვიან.
„არჩევნებში შესვლა ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლში მონაწილოებას და დღეს, აი ამ კამპანიის ფარგლებში ვხვდებოთ მოსახლეობას. ეს არჩევნები არ უნდა შედგეს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ შედგეს. არ უნდა მივიდეს მილიონ ადამიანზე მეტი. ჩვენი კამპანია უნდა იყოს – „დარჩი სახლში”, დაახლოებით ასეთი და „საქართველო ივანიშვილის გარეშე”. გამოსავალია – არ უნდა მივიდნენ არჩევნებზე”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 31 მაისს „ტვ პირველთან”.
რა სარგებელს მოუტანს ოპოზიციას კამპანია „დარჩი სახლში”
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ „დარჩი სახლში” კამპანია წარუმატებელი იქნება ოპოზიციისთვის.
„ლევან ხაბეიშვილი რომ წარუმატებელი პოლიტიკოსია, ეს თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც” მშვენივრად იციან და მას როგორი პროექტებიც ჰქინდა, ეს ანეგდოტურ თემებად იქცა. ვფიქრობ, ეს კამპანია ძალიან წარუმატებელი იქნება, რითაც საკუთარ თავებს დიდად მიაყენებენ შეურაცხყოფას. „ქართულ ოცნებას” საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა აქვს, „ნაცმოძრაობა” და „ნაცპარტიები” რომ აგონიაში არიან საკუთარი უმდაბლესი რეიტინგის გამო, ესეც ცნობილია. ატარონ ეს კამპანიები, გადაიღონ მათმა მარიონეტმა ტელევიზიებმა, გააშუქონ და მათთვის შედეგი კვლავ ნულოვანი იქნება.
„არჩევნების ბოიკოტს წარმატება არანაირად არ უწერია, მათ სლოგანიც კი მოიპარეს კოვიდპანდემიის დროიდან – „დარჩი სახლში”. ესენი პოლიტიკაში სიახლის შემომტანები არ არიან და ვერც ვერასოდეს ვერ იქნებიან. შეეშვან ამ სისულელეებს და ჩაატარონ ნორმალური საარჩევნო კამპანია, მაგრამ იციან – წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა რომც ჩაატარონ, მაინც იმაზე ნაკლებ ხმებს აიღებენ, ვიდრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს”, – განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან”.
როგორი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება არჩევნები ჩატარებულად
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ არჩევნებზე ორი კაციც რომ მივიდეს, ჩატარებულად ჩაითვლება. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტის შემთხვევაში, ყველა საკრებულო „ოცნების” ხელში აღმოჩნდება და ასეთ დროს ახალ საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების დათანხმება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება.
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კაცი მივა არჩევნებზე. ორი კაციც რომ მივიდეს, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება. თუ ოპოზიციის ნაწილმა არჩევნებში მონაწილოება მიიღო და ნაწილმა არა, მაშინ, ჩემი აზრით, ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია. თუ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილოება მიიღო, სოცილოგიური გამოკითხვის ბოლო შედეგები არ მაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, აქტივობა მაღალი იქნება და ოპოზიციას ძალიან დიდი შანსი ექნება, რომ მთელ რიგ საკრებულოებში გაიმარჯვოს, პირველ რიგში კი დიდ ქალაქებში – თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და ა.შ.
„თუ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნების” გარდა, კიდევ აღმოჩნდებიან და იქნებიან ზოგი ფსევდოოპოზიციური და ზოგი ისეთი პარტია, რომელთა სახელებს ახლა ვერავინ გაიხსენებს. ვიღაცეები მიიღებენ მონაწილოებას და ყველა საკრებულო „ქართული ოცნების” ხელში აღმოჩნდება.
„მხედველობაში მყავს ის ოპოზიცია, რომელსაც მეტ-ნაკლებად სერიოზული მხარდაჭერა აქვს. ჩემი აზრით, ეს ნაწილი შეთანხმებულად უნდა მოიქცეს. ან ყველამ მიიღოს მონაწილოება – ასეთ შემთხვევაში მთელ რიგ საკრებულოებში გამარჯვების შანსი ექნებათ, რაც „ქართული ოცნებისთვის” სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან, წარმოიდგინეთ, თუ ქალაქებში ძალაუფლებას დაკარგავს, მაშინ ეს „ქართულ ოცნებას” ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც უკვე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის; ან არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება” ყველა საკრებულოს მოიგებს, გაყალბებაც არ დასჭირდება ისე და შემდგომ მოვლენები როგორ განვითარდება, ეს უკვე დამოკიდებულებილი იქნება ოპოზიციის აქტიურობის ხარისხზე, თუმცა, ასეთ შემთხვევაში 2028 წლამდე საპარლამენტო არჩევნებზე ფაქტობრივი ხელისუფლების დათანხმება თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან”.