როგორ გადავაფიქრებინოთ „ლელოს“ – ოპოზიციაში არჩევნებთან დაკავშირებით დაპირისპირებამ „ისტერიკის და ზეწოლის“ სახე მიიღო

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების განცხადებებს ოპოზიციის იმ ნაწილის კრიტიკა მოჰყვა, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. მათი განცხადებები კამპანიური ხასიათისაა და ძირითადად ემსახურება იმას, რომ „ლელო” არჩევნების ბოიკოტზე დაითანხმონ. ამის საპასუხოდ ლელოში აცხადებენ, რომ „ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი”.

„ლელოში” მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას დიდ ქალაქების მოგება შეუძლია და ამ მხრივ გამართლებულია არჩევნებში მათი ჩართვა, რადგან ამით „შეიძლება უფრო დიდი ზიანი მიაყენონ „ოცნებას”, ვიდრე პროცესში არშესვლით”.

სრულ ბოიკოტს ემხრობიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და „კოლაიცია ცვლილებებისთვის”, ასევე მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმის” წევრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ თუ „ლელო” არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად ქცევის ცდუნებას” და არჩევნებში არ შევიდა, არც ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებას.

ანალიტიკოსების აზრით, გახარიას პარტია „ლელოზე” დამოკიდებული არაა და ყველა შემთხვევაში ჩაერთვება არჩევნებში. მათი თქმით, „ლელოს” დათანხმებას ბოიკოტზე დანარჩენი ოპოზიციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციის ნახევარი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

საკითხზე, რამდენად შეძლებენ „ლელოს” დათანხმებას, ნაწილი ამბობს, რომ ეს გაუჭირდებათ, ნაწილის თქმით კი ეს გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციური ელექტორატის მობილიზების ერთადერთი საშუალებაა და მისი არგამოყენება თავად პარტიას დააზარალებს.

ბოლო განცხადება არჩევნებში შესაძლო ჩართვაზე „ლელოს” ლიდერმა სალომე სამადაშვილა გააკეთა, „ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი კითხვას უსვამს სამადაშვილს – რა შეიცვალა?

„არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრია. რატომ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში, რის იმედად? საერთოდ რომ არ გაქრნენ? პატრონებმა დაუკვეთეს?” – ეკითხევა ზარქუა სამადაშვილს.

„ლელოს” პოზიცია და ოპოზიციის რეაქციები

„ძლიერი საქართველოს” ერთ ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მცდარი არგუმენტია, როდესაც ოპოზიციონერი კოლეგები ამბობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში თუ მიიღებს ვინმე მონაწილეობას, ამით ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას.

„თუ ჩვენ შევარჩევთ იმ წერტილებს, სადაც სუსტია ხელისუფლება, სადაც უკვე წააგო არჩევნები, გავერთიანდებით და ერთიანი ძალით დავარტყამთ ამ ხელისუფლებას, ამით შესაძლოა მივაყენოთ მათ უფრო დიდი ზიანი, ვიდრე იმით, რომ საერთოდ არ შევიდეთ ამ პროცესში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსთან”.

მანამდე სამადაშვილის თანაპარტიელმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიისათვის „თბილისის წართმევა შესაძლებელია”.

„ვფიქრობ, (თვითმმართველობის არჩევნებზე) თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი… თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, კორუფციის, წართმევის შესაძლებლობას”, – განუცხადა კუპრაძემ „ფორმულას”.

ამას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში, „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა და „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სამშაბათს განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ამორალურია და მათ შორის, ეს ბრძოლის შეწყვეტას ნიშნავს.

„წინააღმდეგობის პლატფორმამ” 26 მაისს გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა. ეს რეჟიმი არჩევნებს არ ჩაატარებს. ამ გადაწყვეტილების და განცხადების ნაწილი იყო „ლელო”, ჩემი მეგობრები და პარტნიორები „ლელოდან”, მათ გაიზიარეს ეს მოთხოვნა, ისინი იყვნენ ამ პოზიციაზე, შესაბამისად, დღეს ამ ერთიანი საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დარღვევა და დისონანსის შემოტანა, ჩემთვის იწვევს დიდ გაკვირვებას, გულის დაწყვეტას. მე გამოვხატავ იმედს, რომ ჩვენი პარტნიორები დაბრუნდებიან იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ხნის წინ თავად მოაწერეს ხელი,” – განაცხადა ხოშტარიამ.

„ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს კი წერს, რომ მოხდება თუ არა „ქართული ოცნების” წინაშე ოპოზიციის კაპიტულაცია, ეს „ლელოზეა” დამოკიდებული.

„თუ „ლელო” არ შევიდა, არც გახარია შევა (ასე მგონია, ვერ გაბედავს); და თუ არცერთი „მეინსტრიმ” პარტია არ შევიდა, ახალი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალი გახდება.

„დიდებული იქნება, თუ „ლელო” არ აყვება „მთავარ ოპოზიციურ ძალად” ქცევის ცდუნებას და მოუკლავი დათვის ტყავის განაწილების ჟინი სააკაშვილის შეცდომებს არ გაიმეორებინებს”, – აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

კუპრაძის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

„მინდა გამოვეხმაურო „ლელო – ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

„ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!

„ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.

„აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – წერს ხაზარაძე.

ამავე თემაზე დიდი გამოხმაურება ჰქონდა სოც ქსელში „გირჩის” ლიდერის, იაგო ხვიჩიას პოსტს. იგი წერს, რომ ენმ-ის რეგიონული აქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე” მუშაობენ და რომ „ასე გადაწყდა ზემოთ”.

„იმ დროს, როცა ხაბე მამუკას და გიორგის ე.წ. პროსტიტუტებს ეძახის, რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე” მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, გასული წლის გვარამიას სპეცოპერაციის არ იყოს, წელს „ნაცებს” და მათ ამომრჩეველს „ლელოს” მიუგდებენ საჯიჯგნად.

„მე ვთვლი, რომ ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მხოლოდ რჩეული „ნაცებიღა” თუ გაუძლებენ ცდუნებას, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, ამის მერე მაინც თუ მიხვდება რამეს ნაცამომრჩეველი, რადგან ვიდრე მათ ასე „ნაცურ წრეში” დაუნდობლად და უაზროდ ატრიალებენ, ბატონი ბიძინას ძალაუფლებას არაფერი ემუქრება”, – წერს იაგო ხვიჩია.

რატომ აქვს ოპოზიციისთვის „ლელოს” დათანხმებას პრინციპული მნიშვნელობა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ „ლელოს” დათანხმებას ბოიკოტზე დანარჩენი ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ მეინსტრიმული პარტიები არჩევნებში არ ჩაერთვებიან, შესაძლოა დასავლეთის თვალში არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დადგეს.

„პრინციპული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მიზანია ადგილობრივ არჩევნებს ტოტალური ბოიკოტი გამოუცხადოს. ეს კი შორს მიმავალ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება – რომ თუ წამყვანი ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ, შესაძლოა დასავლეთის თვალში ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ დადგეს. იტყვიან,რომ არჩევნები კონკურენტული არ იყო, რადგან მასში წამყვანი ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობდნენ.

„მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, არჩევნების ბოიკოტის მონაწილე ოპოზიციური ძალების მობილიზაცია მოახერხონ და მათი ჩართვა არ დაუშვან. იმ კამპანიას, რაც „ნაცმოძრაობამ” დაიწყო – „დარჩი სახლში”, შესაძლოა, ამას სამომავლოდ რამდენიმე ღონისძიებაც დაემატოს მოსახლეობის თვალში არჩევნების დისკრედიტაცია და დელეგიტიმაციისთვის. შესაძლოა ამ მიმართულებით მათ დასავლელი პარტნიორებიც წამოეშველონ.

„ესაა ძირითადი მიზანი – ცდილობენ, რომ არცერთი მეინსტრიმული პარტიის მონაწილეობა არ დაუშვან. თუკი „ლელო” და გახარიას პარტია არჩევნებში ჩაებმებიან, ეს, ასე თუ ისე, არჩევნების ლეგიტიმაციას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, თუ ისინი რა შედეგს დადებენ, ეს ოპოზიციისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება როგორც პოლიტიკური, ისე რეპუტაციული კუთხით და შორს მიმავალი შედეგებით, რადგან შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია ძალიან დასუსტებული მივა. მათ ეს იციან და ამიტომაც ახლა არჩევნების ჩაშლას ყველანაირად ცდილობენ.

„ნამდვილად არ მგონია, რომ გახარიას პარტია „ლელოს” უყურებდეს როგორ მოიქცევა, რომ თვითონაც ისე მოიქცეს. არაერთხელ უთქვამთ, რომ ისინი საკუთარ პარტიულ ხაზს მისდევენ და ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ კავშირს, რომ „ლელოს” უარის შემთხვევაში, მას გახარიას პარტიამაც მიბაძოს. აქამდე ასე აცხადებდნენ და მერე რა იქნება, ვნახოთ”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ არჩევნებში „ლელოს” ჩართვა იმიტომ არ სურთ, რომ ამით ოპოზიციური სპექტრი ორად გაიყოფა და თამაშგარედ დარჩება ენმ და მასთან დაახლოებული ჯგუფები.

„არჩევნებს „ლელო” რომც გამოეთიშოს, გახარია არ გამოეთიშება, გახარია იქნება სწორი და არა ისინი, ვინც ბოიკოტში იქნებიან. თუ არჩევნებში „ლელოც” ჩაერთვება, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური სპექტრი ორად გაიყოფა – ერთი ნაწილი იქნება ენმ და ძირითადად ყოფილი „ნაციონალები”, მეორე იქნებიან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და ენმ-სთან არააფილირებული პოლიტიკური ძალები. ამ შემთხვევაში, „ნაციონალები” საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თუ „ლელოც” არ ჩაერთვება (არჩევნებში), მაშინ სამივე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

„რაც შეეხება „წინააღმდეგობის პლატფორმას”, მაინც ვერ გავიგე ვინ და როგორ შედიან ამ ძალაში და რას წარმოადგენენ. თუ „ლელოც” იქაა, მაშინ როცა წინააღმდეგობის სახელით კეთდება განცხადება, ეს „ლელოსაც” ეხება. თუ „ლელო” არაა, მაშინ ენმ და „კოალიცია ცვლილებებისთვის” ისედაც არ არიან და ეს „წინააღმდეგობა” ვის აერთიანებს? მარტო ჩერგოლეიშვილია ამ მოძრაობაში? ის და „ფედერალისტები” ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რაიმე მნიშვნელოვან ძალას არ წარმოადგენენ, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და ისე, მომავალში შეიძლება რაღაც მოხდეს, თუმცა ძალიან მეეჭვება.

„ასეთია რეალობა და ამიტომაც არ სურთ „ლელომ” არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, თორემ გამოვა ისე, რომ ერთ მხარეს იქნება „ნაციონალიური” პოლიტიკური დაჯგუფება და მეორე მხარეს ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხელისუფლება ენმს-სთან დაკავშირებას კი ცდილობს, მაგრამ ერთი-ორი პერსონის გარდა, რეალურად თითქმის არაფერი აკავშირებს”, – განაცხადა ძაბირაძემ.

შესაძლებელია თუ არა „ლელოს” დათანხმება ბოიკოტზე

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან” აცხადებს, შეუერთდება თუ არა „ლელო” ბოიკოტს, ეს გარე ფაქტორზე უფროა დამოკიდებული.

„გამორიცხული არაფერია. ჩემი აზრით, ეს უფრო გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. თუ „ლელოს” გარედან დელიკატურად ურჩიეს, რომ „ადგილობრივ არჩევნებში ამ ეტაპზე თქვენი მონაწილეობა მიზანშეწონილი არ იქნებოდა” და ეს მათ გეგმებს ეწინააღმდეგება, მათ შეიძლება გადათქვან პირველადი პოზიცია და მონაწილოება არ მიიღონ.

„თუმცა ხაზგასასმელია, რომ ყველა პარტია, მათ შორის ისინიც, ვინც ახლა არჩევნებში ჩართვაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ, წესით, არმონაწილოების შემთხვევაში, თავიანთ პოლიტიკურ მომავალს უნდა ხედავდნენ – ესაა პოლიტიკური მარგინალიზაცია. ამას მარტო მე არ ვფიქრობ, ის ექსპერტებიც კი, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე დგანან, მათი ერთი ნაწილი მაინც ასე ფიქრობს.

„ამ საკითხს პოლიტიკური გადარჩენის კუთხით რომ მივუდგეთ, არმონაწილოება არ არის საუკეთესო გამოსავალი”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ ბოიკოტზე „ლელოს” დათანხმება გაუჭირდებათ.

„მგონია, რომ „ლელოს” დათანხმება გაუჭირდებათ. გახარიას რომ ვერ დაითანხმებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ვინც ამბობს, რომ არ შევიდეთ არჩევნებშიო, არანაირი არგუმენტი არ აქვს, თუ რატომ და ამ ბოიკოტით რას მიიღებს. თუ ხელისუფლებას უპირისპირდები, არჩევნებიც ამ დაპირისპირების ერთ-ერთი სახეა. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ შედიხარ არასწორ ბრძოლაში, მაგრამ თუ არ შეხვალ, საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდები.

„გახარიამაც უარი რომ თქვას, რამდენიმე პოლიტიკური ძალა მაინც აღმოჩნდება, რომელიც ჩაერთვება, დამარცხდება, მაგრამ იმ ეფექტის შექმნა მაინც არ გამოვა, რომ მარტო „ქართული ოცნება” იღებს მონაწილოებას. რომც გამოვიდეს, აქედან რა მერე? არჩევნები ჩატარდება, „ოცნება” არა მარტო ცენტრში, არამედ ყველგან იქნება. ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი შედეგის მერე რაიმე შეიცვლება? ან თუ ჰგონიათ რაღაც შეიცვლება, გვითხრან.

„ოცნება” ხშირად ამბობს, რომ ბოიკოტმა არ გაამართლაო. არა, ბოიკოტმა გაამართლა. ეს რომ არ ყოფილიყო, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ასეთი ერთსულოვანი დამოკდიებულება „ოცნების” მიმართ არ იქნებოდა. ბოიკოტმა თავისი საქმე შეასრულა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრი ელექტორატის მობილიზებას ვერ ახერხებს, ეს მკაფიოდ ჩანს რუსთაველზე. პოლიტიკოსები ჯერჯერობით იმასაც ვერ ახერხებენ, რომ პოლიტიკური აქტივისტებით მაინც უფრო ხალხმრავალი გახადონ ყოველდღიური პროტესტი.

„არჩევნები არა მხოლოდ მანდატების მოპოვებისთვის უნდა გამოიყენონ, არამედ, იმისთვისაც, რომ ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება თავიდან მოხდეს, რომ პროტესტის ახალი ტალღა გაჩნდეს. ამ ახალ ტალღას ან რაღაც შემთხვევითობა გააჩენს, ან თუ ამას არ ელოდები, არჩევნებმა შეიძლება ითამაშოს პროტესტის ახალი მაპროვოცირებელი ძალა.

„ადგილობრივი არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 2 ათას კაცამდე უნდა იქნას არჩეული, ამას დავუმატოთ რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები და ჯამში დაახლოებით 5-6 ათასი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ კი არ ეუბნები, რომ არჩევნები გაგიყალბეს, ეს ხალხი თავად დაინახავს რა ძალები მოქმედებდნენ მის წინააღმდეგ, რადგან პირადად მას გაუყალბეს, ეს ხალხი კი აქტიურ პროტესტის რეჟიმზე გადავა”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან”.