ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის თქმით, რუსულ ავიაბაზებზე უკრაინული დრონების შეტევამ ომის ესკალაციის რისკები გაზარდა.

კიტ კელოგი

მისი თქმით, მართალია ოპერაციამ რუსეთის იმიჯს ზიანი მიაყენა, თუმცა ძნელია მოსკოვის საპასუხო ნაბიჯების პროგნოზირება. კელოგის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის მიზანი კი , ვითარების ესკალაციის თავიდან არიდება და ომის დასრულებაა.

„როცა ბირთვული ტრიადის კომპონენტზე მიგაქვს იერიში, ეს ესკალაციის რისკს ზრდის, რადგან არ იცი მეორე მხარე საპასუხოდ რას მოიმოქმედებს. ეროვნული უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს ეს კარგად ესმით. ბირთვული შეიარაღების ორ კომპონენტზე თავდასხმა გაბედული ქმედებაა. მან რუსეთის იმიჯი დააზიანა, მაგრამ რისკები გაზარდა. ეს კი ისაა, რის თავიდან არიდება ჩვენ ვცდილობთ“, – თქვა კელოგმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.