რუსეთის ზაფხულის შეტევასთან ერთად, უკრაინის ქალაქები გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. რუსეთის სამიზნე, სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში კონსტინტინოვკა და პოკროვსკი იქნება, – წერს The Economist უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
ასევე, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგანგაშო ვითარებაა სუმის რეგიონში, სადაც 50 000 რუსი ჯარისკაცია კონცენტრირებული და ნელ-ნელა მიიწევს რეგიონალური ცენტრისკენ.
მედია წერს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთის ფედერაციამ ჩრდილოეთში თითქმის იგივე წარმატებას მიაღწია, რაც დონბასში. და ეს ნაწილობრივ განპირობებულია სუსტი გამაგრებებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი დრონებით თავდასხმებისთვის. უკრაინელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ სუმის ოლქში ბუფერული ზონის შექმნის შემდეგ, რუსეთი კვლავ დონბასსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე გაამახვილებს ყურადღებას და დამღლელ ომს გააგრძელებს.
ამავდროულად, სტატიაში ნათქვამია, რომ ფრონტზე სამი წელია სტრატეგიული ცვლილებები რუსეთის სასარგებლოდ არ განხორციელებულა. უკრაინული წყაროების ცნობით, რუსი ოფიცრები მიმდინარე შეტევას უკრაინის ნების გატეხის „ბოლო ზეწოლას“ უწოდებენ.
ერთ-ერთი ჯგუფის მეთაურის მიხაილ კმეტიუკის თქმით, რუსეთი ასეთ ოპერაციებს მხოლოდ იმიტომ აწარმოებს, რომ ჯარისკაცებს არ ზოგავს. ათიდან რვა რუსი იღუპება, მაგრამ მობილიზებული ხალხის ტალღები არ წყდება, რადგან რუსეთის ფედერაცია ყოველთვიურად 10-15 ათასით მეტ ადამიანს იწვევს, ვიდრე უკრაინა.
როგორც გამოცემა „ეკონომისტი“ წერს, არსებობს ეჭვი, რომ შეტევა რუსეთისთვის წარმატებული იქნება.
„მათი ბოლო მასშტაბური შეტევა 2022 წლის მაისში დასრულდა. მათ სამ წელზე მეტია, რაც კოსტიანტინივკას აღება არ შეუძლიათ. რა სტრატეგიაზეა საუბარი?“ – განაცხადა სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცერმა და პარლამენტის წევრმა რომან კოსტენკომ.
თუმცა, ზოგიერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დიდად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. ისინი ამბობენ, რომ დრონებით ომში უკრაინის უპირატესობა თანდათან ქრება.
93-ე ბრიგადის ოფიცერმა, ედუარდმა, აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საშიშია კონსტანტინოვკა-პოკროვსკის რაიონში მოქმედი ახალი რუსული დანაყოფი „რუბიკონი“. ის პირველად კურსკის მახლობლად 2024 წელს შენიშნეს, ის პირდაპირ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, კარგად არის აღჭურვილი და ორგანიზებული.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი წლისა და ოთხი თვის შემდეგ, უკრაინა კვლავ მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ფრონტის შენარჩუნება. თუმცა, გამოცემა წერს, რომ რუსული შეტევის ყველაზე სავარაუდო შედეგი არც გამარჯვება იქნება და არც დამარცხება რუსი ჯარებისთვის, არამედ მხოლოდ შესაძლებლობა იქნება ვლადიმერ პუტინისთვის, რუკაზე ცვლილება წარმოაჩინოს, როგორც „წარმატება“.
„ეკონომისტი“ ვარაუდობს, რომ ზაფხულის შეტევის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, დიპლომატიისთვის ფანჯარა გაიხსნას, თუმცა დასძენს, რომ „ეს გარანტირებული არ არის“.
„რუსების პრობლემა ის არის, რომ მათ იციან, როგორ აიტანონ დანაკარგები. ჩვენი დანაკარგები უფრო მცირეა, მაგრამ ჩვენ მათ გაცილებით ძლიერად ვგრძნობთ“, – დასძინა კოსტიანტინივკას პოლიციის უფროსმა დმიტრო კირდიაპკინმა.