აშშ-ის კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ჰევინ ნიუსომმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან მოითხოვა, რომ ლოს-ანჯელესიდან ნაციონალური გვარდიის ნაწილები გაიყვანოს. შესაბამისი პოსტი პოლიტიკოსმა X-ში გამოაქვეყნა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ჩვენ პრობლემები არ გვქონდა, ვიდრე საქმეში ტრამპი არ ჩაერია. ეს არის შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა – ხდება დაძაბულობის ესკალაცია და რესურსების გადინება იქიდან, სადაც ის მართლაც აუცილებელია“, – წერს გუბერნატორი.
მიმართვაში ნიუსომი წერს, რომ სწორედ მან, როგორც რეგიონის ხელმძღვანელმა, უნდა მიმართოს ფედერალურ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუ საქმე უცხო ქვეყნის მიერ სამხედრო შეჭრას ან ამბოხებას არ ეხება, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ნაწილების შეყვანა არის სერიოზული შეცდომა, რომელიც სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების საფრთხეს შეიცავს, შესაბამისად, ის გაუქმებული უნდა იყოს.
კიდევ ერთ პუბლიკაციაში კალიფორნიის გუბერნატორმა შტატში აშშ-ის პრეზიდენტის გამონათქვამები გააკრიტიკა. „ძალადობის პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, პოლიტიკური ოპონენტების დაკავება – ეს არის დიქტატორის და არა პრეზიდენტის ქმედება“, – წერს ჰევინ ნიუსომი.
კალიფორნიის გუბერნატორის ამ განცხადებას 22 შტატის გუბერნატორმა მხარი დაუჭირა. მათ, ასევე, გააკრიტიკეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეტის გადაწყვეტილება, რომელიც დაიმუქრა, რომ კალიფორნიაში საზღვაო ქვეითებს გააგზავნის.
კალიფორნიაში ნაციონალური გვარდიის 2000 მებრძოლის გაგზავნის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა შტატში მასიური პროტესტების დაწყების შემდეგ მიიღო. პროტესტები საიმიგრაციო სამსახურის რეიდებმა გამოიწვია, რომელმაც ერთ კვირაში შტატში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის 118 ადამიანი დააკავა.