კალიფორნიის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა კვლავ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული გვარდიის შტატში გამოძახების გამო უჩივლებს.
ნიუსომმა პირველად 8 ივნისს განაცხადა, რომ პრეზიდენტს უჩივლებდა, როდესაც აღნიშნა, რომ შტატი ორშაბათს, 9 ივნისს, შეიტანდა სარჩელს ეროვნული გვარდიის „უკანონო, ამორალური და არაკონსტიტუციური“ განლაგების წინააღმდეგ.
9 ივნისის დილას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გუბერნატორმა განაცხადა, რომ ტრამპმა „ცეცხლი გააღვივა და უკანონოდ იმოქმედა ეროვნული გვარდიის ფედერალიზაციის მიზნით“, როდესაც 7 ივნისს ხელი მოაწერა საპრეზიდენტო მემორანდუმს ოფიცრების გააქტიურების შესახებ.
„მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მხოლოდ კალიფორნიას არ ეხება. ეს მას ნებისმიერ შტატში შესვლის და იმავეს გაკეთების საშუალებას მისცემს. ჩვენ მას ვუჩივლებთ“, – დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კალიფორნიაში ნაციონალური გვარდიის 2000 მებრძოლის გაგზავნის გადაწყვეტილება შტატში მასიური პროტესტების დაწყების შემდეგ მიიღო. პროტესტები საიმიგრაციო სამსახურის რეიდებმა გამოიწვია, რომელმაც ერთ კვირაში შტატში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის 118 ადამიანი დააკავა.