დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით წინასწარ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ისრაელი ირანზე დარტყმებს განახორციელებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, – ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა

„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, აკვირდება ნებისმიერ საპასუხო ქმედებას და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მაღალი დონის მზადყოფნაშია. დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის საგანგებო სიტუაციების კაბინეტში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, სადაც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს განიხილავენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ტრამპი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს გონივრული წინადადება წარუდგინა და პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.