რუსეთი მკაცრად გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში არსებული სახიფათო ესკალაციით და მკაცრად გმობს ისრაელის სამხედრო ქმედებას ირანის წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც TASS-ი აქვეყნებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ჩვენ გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის სახიფათო ესკალაციის გამო. მკაცრად ვგმობთ 13 ივნისის ღამეს ისრაელის სახელმწიფოს სამხედრო ქმედებას, რომელიც არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.

გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია. საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია, გულგრილი იყოს ასეთი სისასტიკის მიმართ, რომელიც ანგრევს მშვიდობას და ზიანს აყენებს რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მოსკოვი მტკიცედ მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული პრობლემის მოგვარება სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელია და მისი გადაჭრა მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რა ახსნა-განმარტებებიც არ უნდა ჰქონდეთ ირანზე თავდასხმის დამგეგმავ, შემმუშავებელ და განმახორციელებელ პირებს, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულ შეთანხმებას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს და მისი მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით არის შესაძლებელი“, – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ლომთა ერი“ დაიწყო. ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.

პასუხად ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ყველა ირანული დრონი განადგურებულია.