ირანი ფეხქვეშ არვის გაგებია, თვით იშრომა, თვით ღვარა ოფლი თავისი საკუთარის შესაქმნელად — სარეცხი ფხვნილიდან, ჰიგიენის სხვა ნაწარმიდან, პარფიუმერიიდან დაწყებული, ბალისტიკური რაკეტებით დამთავრებული

1979 წლიდან მოყოლებული, დღემდე, ირანი მუდამ განიცდიდა აშშ-ს, ისრაელის, დასავლეთის სხვა ქვეყნების მხრიდან სახელმწიფო ტერორიზმს, შევიწროებას, ეკონომიკურ სანქციებს, პირდაპირ თუ ირიბ თავდასხმებს. მარტო ის რად ღირს, როდესაც აშშ-ს წაქეზებით ერაყის მმართველმა სადამ ჰუსეინმა ომი დაუწყო ირანს. 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ომი, რომელმაც ათეულ-ათასობით ირანელის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ახალგაზრდა ისლამური ირანი ვერ გატეხა. ირანმა ტერიტორიებიც შეინარჩუნა და რევოლუციური მონაპოვარიც, რამაც ირანს სტიმული მისცა დამოუკიდებელი ახალი ცხოვრების მშენებლობაში.

თანამედროვე ირანი, 90-მილიონიანი მოსახლით, განვითარებული მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, მედიცინით, ბირთვული კვლევებით, სამხედრო იარაღით და სხვა მრავალით ახლო აღმოსავლეთის, მსოფლიოს გამორჩეული ქვეყანაა, რომლის აზრს ყურადღებას აქცევენ, იზიარებენ.

ირანში არაერთხელ მომიწია ყოფნა — საგარეო საქმეთა სამსახურში მუშაობის დროს. ირანი იყო ის ქვეყანა, რომელთანაც გასული საუკუნის 90-იან წლებში დავდეთ ხელშეკრულება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ. მას მოჰყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა. თეირანში, ჩემი ინიციატივით ჩავატარეთ რეგიონის საკონსულო თანამშრომლების თათბირი-სემინარი. ირანთან გავაფორმეთ საკონსულო ხელშეკრულება. ყველა ამ და სხვა ღონისძიებაში დიდ დახმარებას გვიწევდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აღმოსავლეთმცოდნე, სპარსოლოგი, პროფესორი ჯემშიდ გიუნაშვილი.

ჯემშიდ გიუნაშვილი იყო პირველთაგანი, ვისაც მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს წარდგენა საზღვარგარეთ, ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. მისი წვლილი ორი ქვეყნის დაახლოებაში ფასდაუდებელია. სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში, წინამორბედ სახელოვან პიროვნებებს არვინ იხსენებს, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენს მომავალზე, თუკი ასეთი გვიწერია. გვიწერია?

შევარდნაძის მიერ საზღვარგარეთ ელჩად დანიშვნის საკამათო და ხშირად მიუღებელ გადაწყვეტილებებს შორის ჯემშიდ გიუნაშვილის კანდიდატურა იყო ერთადერთი, უფრო სწორად ერთერთი დადებითი გადაწყვეტილება.

ირანის გილანის პროვინციასა და აჭარას შორის ჩამოყალიბებული იყო მჭიდრო თანამშრომლობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ცინცქილაძე, ისე, როგორც სამთავრობო დელეგაცია ნინიძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა დროს ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდნენ ირანში. მათთან ერთად მეც გახლდით.

დაძმობილებული გილანის პროვინციის დელეგაცია იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ აჭარაში.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან მრავალი წლის განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა. სწორედ საელჩოს ინიციატივით, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელთან გულბაათ რცხილაძესთან ერთად მიგვიწვიეს სტაჟირებაზე ირანის კულტურისა და რელიგიის ცენტრ ქ. ყუმის უნივერსიტეტში.

ქ. ყუმი, ირანის სულიერი ცენტრია, რელიგიური კვლევის ცენტრებით, ისლამური უნივერსიტეტებით. სტაჟირების დასასრულს, მასპინძლებმა ირანის რამდენიმე ქალაქის დათვალიერების შესაძლებლობა მოგვცეს, რამაც სრული წარმოდგენა შეგვიქმნა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, მისი ხალხის ცხოვრებაზე, უდიდეს ისტორიაზე, სტუმარმასპინძლობაზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ირანელ მასპინძლებს და დარწმუნებული ვარ გულბაათ რცხილაძეც შემომიერთდება.

მას შემდეგ ირანში ორჯერ გახლდით და ერთ-ერთი იყო აიათოლა ჰომეინის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აზიის, აფრიკის, ევროპის, სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის, აშშ, რუსეთის წარმომადგენლები — 1000-ზე მეტი კაცი.

ღონისძიება მართლაცდა მასშტაბური იყო. ჩინებულად ორგანიზებული. მაშინ მომეცა საშუალება გამეცნო და მესაუბრა „ჰამასის“ და „ჰესბოლას“ ლიდერებთან, „თალიბანის“ წარმომადგენლებთან. ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის. მადლობას ვუხდი საქართველოში ირანის იმჟამინდელ ელჩს, რომელმაც ამ ღონისძიებაზე მიმავლინა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა ისაა, ეჭვს, შურს, შიშს რომ იწვევს მომხმარებლურ საზოგადოებაში. ირანი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, რომელმაც თავისი შრომით გამოჭედა ახალი ცხოვრება, ისეთი, რომლის სადარი დედამიწაზე არ არის.

ირანს არ აშინებს დასავლელთა მუქარა, არც მათ მიერ წასახალისებელი კანფეტები ხიბლავს. ირანი, მუქთი ყველის გულისთვის, დასავლეთს არ მიეყიდება, რაც გაღიზიანებას იწვევს დასავლეთში და არა მარტო მასში. ირანის მსგავსი სუვერენიტეტით ცოტა თუ დაიკვეხნის მსოფლიოში — რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილო კორეა, კუბა, ვენესუელა, ბელორუსი.

სუვერენიტეტი მარტო პარლამენტი, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი არ არის. სუვერენიტეტი — ეკონომიკაა. თუ ეკონომიკური თავისუფლება არ გაქვთ, რაც არ უნდა იყვიროთ — სუვერენულები ვართო, არაფერი გამოვა. ასეთისთვის იმპორტული საქონელის შეზღუდვა, გაუქმება ზედაპირული სუვერენიტეტის დაკარგვის ამსახველია, ვინაიდან ხალხის გამოსაკვები პროდუქტის შესაძენად ხელისუფლებამ სიამაყეც უნდა დაივიწყოს და არამეგობარ ქვეყანას, ნოხივით უნდა გაეგოს, შეღავათიან ფასებში საკვების საყიდლად.

ირანი ფეხქვეშ არვის გაგებია, თვით იშრომა, თვით ღვარა ოფლი თავისი საკუთარის შესაქმნელად — სარეცხი ფხვნილიდან, ჰიგიენის სხვა ნაწარმიდან, პარფიუმერიიდან დაწყებული, ბალისტიკური რაკეტებით დამთავრებული.

ირანი დამოუკიდებელი ძალაა არა მარტო შეიარაღებიდან გამომდინარე, არამედ ეკონომიკიდან, მეცნიერებიდან, ბირთვული კვლევებიდან გამომდინარე. სწორედ ეს უკანასკნელი აშფოთებს დასავლეთს, ისრაელს.

ირანი დღე-დღეზე შექმნის ატომურ ბომბსო. შექმნის! თუკი ასეთი სურვილი ექნება, მაგრამ არ აქვს!

აიათოლა ჰამენეის, ირანის მეთაურისა და სულიერი ლიდერის განცხადებით, ირანი არ შექმნის მასობრივი განადგურების იარაღს, ანუ ატომურ ბომბს, მაგრამ რა იქნება მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ?

ბირთვული იარაღის არმქონე ირანი არ გახდა ისრაელისა და დასავლეთის სამიზნე?

ირანს, ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ვერც ისრაელი და ვერც კოლექტიური დასავლეთი — აშშ-ს  მეთაურობით  ხმასაც ვერ გაუბედავდა.

გახსოვთ ალბათ ტრამპი, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, როგორი პატივისცემით ეპყრობოდა ჩრდილო კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს — სენსაციური მოლაპარაკების დროს.

აშშ-ს კონგრესში გამოსულმა ტულსი გაბარტმა — აშშ-ს 17 სადაზვერვო სამსახურის გაერთიანებულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ ბომბს; რომ კვლევითი სამუშაოები „მაგატეს“ მიერ დაშვებულ ჩარჩოებს არ სცდება.

მაშ, რას ერჩის ისრაელი ირანს? ვითომ ბირთვული ბომბების შესაქმნელი კვლევითი სამუშაოების შეჩერებას?

თუ ირანს გადაწყვეტილი აქვს ბირთვული ბომბის შექმნა — ის შექმნის და ამას შეჩერება ვერ უშველის.

თუ ირანი, ისრაელისა და დასავლეთის მხრიდან შეწუხებული, გადაწყვეტს ბირთვული ბომბის დამზადებას და დაამზადებს, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების რაოდენობა გაიზრდება ერთით.

ვის აქვს ბირთვული იარაღი?

აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ისრაელს, ჩრდილო კორეას. ირანი მეათე იქნება. მაგრამ მარტო  ირანი?

ირანის მაგალითი წაახალისებს საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, იაპონიას, სხვა ქვეყნებს — ბირთვული იარაღის ქონის მსურველს. და რა იქნება მსოფლიოში?

ბირთვული იარაღის მასობრივი დამზადება, საფრთხე იმისა, რომ ეს იარაღი აღმოჩნდება ტერორისტების ხელში, ისეთის, როგორიც ზელენსკი და მისი ბანდაა. ზელენსკი ხომ რახანია იმუქრება — „ბინძურ ბომბს“ დავამზადებო?!

ბირთვული ბომბის დამზადება-არდამზადება არ არის მთავარი ირანთან მიმართებაში. მთავარი ისაა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თქვა სატელევიზიო განცხადებაში, როდესაც მოწოდებით მიმართა ირანელ ხალხს — თქვენი ჯალათი ხელისუფლება, აიათოლების სახით, ისეა დასუსტებული, როგორც არასდროს, ჩვენ დავხოცეთ ირანელი გენერლები, ნუ გეშინიათ, გამოდით და დაამხეთ თქვენი სულთამხუთავი მთავრობაო.

დასავლეთი, ისრაელის პირით, მოუწოდებს 90-მილიონიან ირანს, აღდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ და დაამხოს ის, უკეთესი ცხოვრებისთვის!

ირანელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის იბრძვის აშშ-ი ან ევროკავშირი?

არა, პატივცემულებო! ისეთი ირანისთვის იბრძვის, როგორიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია. რაღა შორს წავიდეთ, როგორიც საქართველოა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის გიგანტური, სუვერენული ირანის ისლამური რესპუბლიკის ნაცვლად დამონებული ირანის მიღება? საკუთარი ნავთობისა და გაზის, სხვა სიმდიდრეების მქონის?

კოლექტიურმა დასავლეთმა განა ასე არ დაშალა გიგანტი საბჭოთა კავშირი, იუგოსლავია. შემდეგ რუსეთს არ მიადგა დასაშლელად?!

მიადგა და ლამის დაშალა, რომ არა პუტინი, რუსეთი რახანია დაშლილი იქნებოდა.

არ გამოუვიდათ! და როდესაც მიხვდნენ, რომ ასე იოლად რუსეთს ვერ დაშლიდნენ, უკრაინა გამოიყენეს, უკრაინის ტერიტორიაზე მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განლაგების სურვილით — რუსეთის ქალაქებზე და სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებულით.

პუტინმა დაასწრო მოვლენებს. ომი 3 წელია გრძელდება. აშშ-ი თითქოს არაფერ შუაშია — ასე აცხადებს ის. არადა უკრაინა უმალ განუტევებდა სულს აშშ-ს, მის მოკავშირე ევროპელებს იარაღი რომ არ მიეწოდებინათ მისთვის.

აშშ-ი ებრძვის რუსეთს უკრაინის ხელით. იგივე ვითარებაა ირანთან მიმართებაშიც — აშშ-ი ებრძვის ირანს, ისრაელის ხელით. ორივე შემთხვევაში აშშ-ი იბრძვის რუსეთ-ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ.

2015 წელს აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის დელეგაციები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ირანთან. შეთანხმდნენ, ირანის ბირთვულ ობიექტებზე „მაგატეს“ მონიტორინგზე. ნაცვლად, ირანზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივ მოხსნაზე.

აღდგა ურთიერთობები ირანსა და ჩამოთვლილ სახელმწიფოებს შორის, მაგრამ 2018 წელს, ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ მიერ ირანში მოპარული საიდუმლო დოკუმენტების შემდეგ, ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

ისრაელმა ამ დოკუმენტებიდან ამოიკითხა ის, რაც აწყობდა — ირანი, მალულად ახორციელებს ურანის გამდიდრებას — 60%-მდე, რაც მას ბომბის დამზადების საშუალებას მისცემს.

ისრაელმა ეს დოკუმენტი 2018 წელს ტრამპს გააცნო, რომელმაც, პროტესტის ნიშნად მიატოვა მოლაპარაკება და ირანი ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა.

თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ტრამპმა დიდი ვერაფერი ავნო ირანს. მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე ვადის დასაწყისიდანვე ანტიირანული განწყობა თავისას გააკეთებს, რაც არა მარტო ირანისთვის, მთელი მსოფლიოსთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობისმყოფელია, მაგრამ სინამდვილეში სხვისი ხელით მებრძოლი ორ ფრონტზე — უკრაინის და ირანის. მან, მუქარით ისიც თქვა — თუ ირანი თავს დაესხმება ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებს, ტონობით ბომბს დააყრის ირანს — რაშიც ეჭვი არ მეპარება, რამეთუ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტია, რომელსაც თავისი ომი არ ჰქონია, ისე, როგორც მის ყველა წინამორბედს. ამ მავნე ტრადიციას კი ის არ დაარღვევს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი