საქ. საგარეო მინისტრი რუბიოს “უფროს მრჩეველს” მასპინძლობს – რა მისიით არის ჩამოსული ამერიკელი ემისარი?

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს, უაით ტოლკეს, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ეს შეხვედრა შესაძლოა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა ნორმალიზების პირველი ეტაპი არ არის, თუმცა, ხაზს უსვამენ მის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთ სამინსიტროს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა შეერთებულ შტატებთან სტრტაგიული ურთიერთობის განახლებასთნ დაკავშირებით.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებს და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.

აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პირველი ნაბიჯი ურთიერთობის დათბობისკენ?

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა პირველ ნაბიჯად ჩაითვალოს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისკენ, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გვპასუხობს:

„ნორმალიზება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ამ სიტყვას დიპლომატიურ ტერმინოლოგიაში თავისი დატვირთვა აქვს. ამიტომ, მე ამას უფრო მივიჩნევდი ნიადაგის ზონდირებად – რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის თაობაზე, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც აწუხებს აშშ-ს, რასაც ის თვლის პრიორიტეტად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში.

ამაზე გარკვეულწილად ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თავის გამოსვლაში სენატში, როცა განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე”, და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტიც ამ მიზანს ემსახურებოდა – რომ ამ პიროვნებას საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია მიეტანა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.”

კითხვაზე, როგორ შეიძლება უახლოეს მომავალში აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა განვითარდეს და რა მოლოდინი აქვს, ანალიტიკოსი პასუხობს, რომ „უფრო პოზიტიური, ვიდრე ნეგატიური” და აღნიშნავს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შესაძლოა საუბარი შეეხო საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების საკითხებს რუსეთთან და ჩინეთთან.

„მე ვფიქრობ, რომ მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე უარყოფითი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რა გეოპოლიტიკური პროცესები ვითარდება რეგიონში. მოგეხსენებათ ისიც, „ახალ ადმინისტრაციას რა მიდგომები აქვს ახალ საკითხებთან მიმართებაში, მათ შორის ღირებულებით საკითხებთან – ის უფრო იხრება კონსერვატიული ღირებულებებისკენ.

აქედან გამომდინარე, ღირებულებითი ერთობა, თუნდაც ის, რომ საქართველო თავისი გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე არის აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო და მოკავშირე – ვთვლი, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს სტაბილურობა, რომ სიტუაცია არ აირიოს და ამით არ ისარგებლონ ამერიკის სტრატეგიულმა მოწინააღმდეგეებმა.

მეორეც – რომ მოიხსნას ის შეშფოთებები და წუხილები, რაც აშშ-ის ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს საქართველოსა და რუსეთის, ასევე საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით – მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხებიც იქნებოდა ერთ-ერთი წამყვანი იმ განხილვებში, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა აწარმოა საგარეო საქმეთა მინისტრთან.”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე მოკლედ აღნიშნავს, რომ ურთიერთობების ნორმალიზების მაჩვენებელი სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ვერ იქნება.

„ჯერ-ჯერობით ეს არ არის ურთიერთობების ნორმალიზების მაჩვენებელი, იმიტომ რომ, საერთოდ, საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება, ვთქვათ, მისი კოლეგა, ან მოადგილე, ან დეპარტამენტის დირექტორი. ვერ ვიტყვი, რომ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს, თუმცა მრჩევლის დონეზე… ახლა, მრჩევლის პოსტს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას – პოლიტიკურ რეალობაზე ვსაუბრობ. ისევ და ისევ, როგორც ელჩი ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს, რომ მოთხოვნა არის აშშ-სგან – საქართველომ დემოკრატიული დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ გაიგონ, ვფიქრობ, ასე იქნებოდა ამ შემთხვევაშიც და მერე შესაძლებელია…”-განაცხადა ჩიტაძემ.

 

წყარო: “რეზონანსი”