ირანი ამტკიცებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს და თელ-ავივის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. გასულ ღამეს, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დასახლებებში განგაში იყო გამოცხადებული.
ირანმა ისრაელის მიმართულებით 15 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. თავდასხმის მოგერიება რკინის გუმბათმა შეძლო. იერიშებს ახორციელებს ისრაელიც. ირანული მედია წერს, რომ თეირანსა და მის შემოგარენში სხვადასხვა ლოკაციაზე მასშტაბური აფეთქებებია.
საავიაციო დარტყმა განხორციელდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო უნივერსიტეტზე. აფეთქებულია თეირანის მახლობლად ხოჯირში მდებარე სამხედრო ბაზა და რაკეტების მწარმოებელი ქარხანა.
რამდენიმე საათის წინ, ისრაელის პრემიერ მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბარი 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ამერიკის პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ ზუსტად იციან, სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი” და ის მარტივი სამიზნეა, თუმცა, მისი მოშორება ამ ეტაპზე, არ იგეგმება. გარდა ამისა, ტრამპი წერს, რომ ირანის საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებს.
CBS-ის მონაცემებით, ტრამპი განიხილავს შეუერთდეს დარტყმებს ირანის წინააღმდეგ, თუმცა მის მრჩევლებს შორის საკითხზე ერთიანობა არ არის. The New York Times კი წერს, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში, ირანი მზადაა, რეგიონში ამერიკის ბაზებს დაარტყას.