ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ფრანგულ გამოცემა L’Équipe-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ცნობილმა სპეციალისტმა „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ მიზეზებზე საუბრობს. რანგნიკმა განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი გამოყო და აღნიშნა, რომ რასაც ქართველი ფეხბურთელი აკეთებდა, მსგავსი რამ არ გაუკეთებია არც მესის, არც მბაპეს და არც ნეიმარს.
„რატომ მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა? ისინი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შეძლეს იქამდე, სანამ მთავარი ვარსკვლავები არ წავიდნენ. გგონიათ ეს დამთხვევაა? არა, რადგან ამის კარგი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ფინალურ მატჩში, როდესაც გუნდი 4:0 იგებდა და მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი, აკეთებს 60-მეტრიან აჩქარებას და ეხმარება თანაგუნდელებს დაცვაში. მსგავსი რამ არ მინახავს არც მეისის, არც ნეიმარის და არც მბაპეს შემთხვევაში“, – განაცხადა რანგნიკმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს იანვარში შეუერთდა და პარიზულ კლუბთან ერთად ლიგა 1-ში, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-ს მაისურით 27 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.