“ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ფიქრობს, რომ ბრალი, რომელიც მას წაუყენეს დაუსაბუთებელია.
ამის შესახებ რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა, დღეს, 23 ივნისს სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.
ბექა ნემსიწვერაძის თქმით, საქმეში არსებული რამდენიმე ჩვენება, სავარაუდოდ, მოწმეებზე ზეწოლის გზით არის მოპოვებული, მათ შორისაა მიქაუტაძის მეგობრის 78 წლის დედის, პენსიონერ მარიამ ქსოვრელის ინტერვიუ.
მის საქმეში, ასევე რამდენიმე საეჭვო ჩვენებაც დევს, მათ შორის ერთ-ერთია მარიამ ქსოვრელი. შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა, მათზე ზეწოლა განხორციელდა, ასევე ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე ჩანს ისიც, თუ რა სახის ზეწოლა შესაძლოა განხორციელებულიყო მათზე. ამ საკითხითაც დავინტერესდებით“,-განაცხადა ნემსიწვერაძემ.
საქმის მასალების მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ამასთან, საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, სწორედ 78 წლის მარიამ ქსოვერლია ის პენსიონერი, ვისთანაც რომეო მიქაუტაძის მეუღლემ, ნინო მუქაუტაძემ თვალთმაქცური გარიგება დადო, თითქოს, სახლი წეროვანში მას მიჰყიდა და ამ ფულით 600 000 ევროდ შეიძინა სახლი ესპანეთში, თუმცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს გარიგება პენსიონერთან ფიქტიური იყო და სახლი რეალურად მიქაუტაძეებს არ გაუყიდიათ, დოკუმენტები კი უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მიზნით შეიქმნა.