ზელენსკიმ რუსეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას „მკვლელების კოალიცია“ უწოდა

რუსეთის არმიამ კიევისა და სხვა ქალაქებისა და თემების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსულ-ირანული „შაჰედებითა“ და რაკეტებით აბსოლუტურად ცინიკური შეტევა განახორციელა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„მხოლოდ კიევში ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობებია. ამ დროისთვის ცნობილია ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ. ამ დარტყმის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა კიევის ოლქის ქალაქ ბილა ცერკვაში. იქ „შაჰედი“ საავადმყოფოს მოხვდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამ დარტყმამ 4 ოლქში ობიექტები დააზიანა. მისივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ 352 დრონი გაუშვეს, მათ შორის 159 „შაჰედი“, ასევე, 16 რაკეტა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, რუსებმა გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური იარაღიც. დრონებისა და რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, თუმცა არა ყველა მათგანი.

„ყველა, ვინც რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის მეზობელ ქვეყნებში ცხოვრობს, უნდა დაფიქრდეს, შეძლებენ თუ არა იქ სიცოცხლის დაცვას, თუ მკვლელების ეს კოალიცია დარჩება და ტერორის გავრცელებას გააგრძელებს“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს, ის პარტნიორებთან კონკრეტულად თავდაცვაზე ისაუბრებს, რაც გაცილებით ძლიერი ერთობლივი თავდაცვის საფუძველი უნდა გახდეს.

„ჩვენ ასევე შევთანხმდებით ახალ და ძლიერ ნაბიჯებზე, რათა ამ ომისთვის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ და დარტყმები შევაჩეროთ“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.