ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის მხარდაჭერის დონით უკმაყოფილება გამოხატა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ჟურნალისტების ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ მოსკოვში ვიზიტისას პუტინს პირადად გადასცა აიათოლა ალი ხამენეის წერილი.
„ირანი ჯერჯერობით უკმაყოფილოა რუსეთის მხარდაჭერით და სურს, რომ პუტინმა მეტი გააკეთოს ქვეყნის მხარდაჭერისთვის ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგ“, – წერს „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ირანის სულიერი ლიდერის წერილის შინაარს იცნობს.
ცნობისთვის, კრემლის პრესსამსახურმა პუტინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პუტინმა დაგმო აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები და უსაფუძვლო აგრესიად შეაფასა. პუტინის თქმით, მოსკოვი მზადაა, თეირანს დაეხმაროს.