ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – არის მსხვერპლი

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი სერია დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერ-შევაში, ბალისტიკური რაკეტის აფეთქების შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსი, დაღუპულია სამი ადამიანი. კრიტიკულია დაჭრილების მდგომარეობა, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ირანი

ირანმა ისრაელის მიმართულებით 6 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გამოცხადებულია საჰაერო განგაში. სამიზნეა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები, ამოქმედებულია საჰარო თავდაცვის სისტემები. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

თავდასხმის ახალი სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

მან დაწერა, რომ დაახლოებით 6 საათში ცეცხლი შეწყდება, ხოლო საბრძოლო მისიები 12 საათში დასრულდება.

რაკეტების გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიანიშნებდა, რომ საომარი მოქმედებები დასრულდა.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, – “ირანის ლოგიკაა, არ დაემორჩილოს არავის აგრესიას”. აიათოლა ალი ხამენეიმ აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ნებისმიერ აგრესიას უპასუხებს.

“ფოქს ნიუსის” ეთერში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანს, ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში, კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეჯახება.

ღამით, ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდას ამერიკულ საჰაერო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. კატარმა რაკეტების მოგერიება შეძლო. გავრცელებული ცნობით, არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.