სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, გარეგინ მეორე სახლში მიიწვია, რათა დაუმტკიცოს, რომ წინადაცვეთილი არ არის. შესაბამისი განცხადება ფაშინიანმა “ტელეგრამის” არხზე გამოაქვეყნა.
- სომხეთის პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა გარეგინ მეორის წარმომადგენლის მხრიდან ბრალდება, რომ თითქოსდა ნიკოლ ფაშინიანს წინადაცვეთა აქვს გაკეთებული
“კტრიჯ ნერსისიანის (გარეგინ II-ის სახელი) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მე, სავარაუდოდ, წინადაცვეთილი ვარ. მზად ვარ მივიღო კტრიჯ ნერსისიანი და მისი წარმომადგენელი და დავამტკიცო საპირისპირო“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
ფაშინიანმა კვლავ მიმართა სომხურ ეკლესიას და მოითხოვა დაამტკიცონ, დაარღვია თუ არა პატრიარქმა დაუქორწინებლობის შესახებ აღთქმა.
- ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი 29 მაისს დაიწყო, როდესაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ წმინდა ადგილები სომხეთში შეურაცხყოფილია და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეკლესიას ათეისტი ხელმძღვანელობს.
მომდევნო დღეს ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს ბრალდებები პატრიარქ გარეგინ II-ის წინააღმდეგ, სადაც მითითებული იყო, რომ მას დარღვეული აქვს აღთქმა დაუქორწინებლობის შესახებ
საპასუხოდ, საეკლესიო საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანი და მისი მხარდამჭერები “სამარცხვინო ანტიეკლესიური კამპანიის” წარმოებაში დაადანაშაულეს. საბჭოს განცხადებით, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას და სომხეთის ერთიანობის ნგრევას იწვევს. საბჭო დარწმუნებულია, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრმა ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის კონსტიტუციური ნორმა დაარღვია და აზერბაიჯანის ინტერესებით მოქმედებს.