გივი თარგამაძე დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე დააკავეს.

გივი თარგამაძე

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გივი თარგამაძე პოლიციის ვაკის განყოფილებაში მივიდა, სადაც სამართალდამცავებმა ბრალდება გააცნეს და დააკავეს.

ამასთან, დაკავებამდე გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ გამორიცხავს, მისი დაკავება რუსეთის დაკვეთა იყოს.

„ახლა გადავალ ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. მიფიქრია, საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა ამის გამო შექმნილი სიტუაციისგან თავის არიდება არ ვარგა. ვნახეთ, თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ. წინა შემთხვევებში მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები, მაგრამ უნდოდათ აფეთქება, ამაფეთქეს და მაგის შიშით რაღაცების არგაკეთება, არ გამოვა. სოზარ სუბარს ჰქონდა თავის დროზე რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი. საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემაზე. მგონია, ჩემი დაკავება რუსეთის დაკვეთაა, მაქვს უფლება, ასე მეგონოს. ჰააგის სასამართლოში ჩემი ჩვენების საფუძველზეა ხუთი ორდერი გაცემული, ის ხალხი ჯერ არ დაუკავებიათ, მათ არეალში უნდა მოხვდნენ რომ დააკავონ, ოღონდ ამასობაში ბორისოვი და ჩოჩიევი უფლის არეალში მოექცნენ, სული ამოხდათ. ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა პირიქით, აქეთ გვაწვებიან იგივე ადამიანები“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა.