“გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ – სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.
როგორც ის აღნიშნავს, „პოლიტიკოსებზე ნადირობას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს“.
„გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ – ივანიშვილის მიერ შექმნილ ქაოსში კოლატერალური ზიანი გახდებით. მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს ამ ქაოსს და 13- წლიან ნადირობას კრიტიკოსებზე. გივიმ აფეთქების სტრესი გადაიტანა და ამასაც გადაიტანს – მხნეობას ვუსურვებ. სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება. ძირს რეჟიმი და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!”, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.