ღია წერილი მთავრობას: ვის ჯიბეში მიდის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა?

პატივცემულო საქართველოს მთავრობა და სტატისტიკის ოსტატებო, მოგმართავთ მე, ერთი მოკვდავი, რომელსაც თქვენი კოსმოსური მასშტაბის წარმატებების ფონზე, როგორც ჩანს, რეალობის აღქმის უნარი დამიქვეითდა.

მესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა არათუ გაიზარდა, არამედ ხუთჯერ გადიდებულა და ყოველთვიურად ორნიშნა ზრდის სასწაულს ვეზიარებით. ვაღიარებ, ეკონომიკაში ისევე ვერკვევი, როგორც ბირთვულ ფიზიკაში, მაგრამ, როგორც ჩანს, არითმეტიკის საბაზისო ცოდნა და საკუთარი თვალი ჯერ კიდევ შემრჩენია.

და აი, სწორედ აქ მჭირდება თქვენი დახმარება, რადგან ჩემი თვალები და თქვენი რიცხვები ერთმანეთს ვერაფრით ურიგდებიან.

როდესაც მაღაზიაში შევდივარ და ვხედავ, რომ ერთი ჩვეულებრივი ოჯახის სარჩოსთვის საჭირო პროდუქტების ფასი ყოველკვირეულად იზრდება, ვფიქრობ: „ალბათ, ეს ორნიშნა ზრდა ფასებზე ვრცელდება და მე ვერ გავიგე“.

როდესაც ვხედავ პენსიონერებს, რომლებიც აფთიაქში წამლის დოზებს ყიდულობენ ან ქუჩაში მწვანილს ყიდიან, რომ კომუნალურები გადაიხადონ, ჩემს თავს ვეკითხები: „ნეტავ, ამ ხალხმა იცის, რომ ხუთჯერ გამდიდრებულ ქვეყანაში ცხოვრობს?“

როდესაც ჩემი მეგობრები და მეზობლები იპოთეკურ სესხებს, გაუთავებელ ვალებსა და ბანკის შავ სიებს ებრძვიან, მიჩნდება კითხვა: „ეს ეკონომიკური ზრდა ჩვენს ვალებსაც ზრდის პროპორციულად?“

როდესაც ვხედავ, როგორ ცარიელდება ქვეყანა და ახალგაზრდები უკეთესი ცხოვრების საძიებლად უცხოეთში გარბიან იმ „ჩამორჩენილი“ ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ვფიქრობ: „ალბათ, ტურისტული მიზნებით მიდიან და მალე დაბრუნდებიან ამ ჩვენს ეკონომიკურ სამოთხეში“.

ამიტომ, მაქვს რამდენიმე ვერსია და გთხოვთ, სწორი შემოხაზოთ:

პარალელური საქართველო: არსებობს სხვა, პარალელური საქართველო, სადაც ეს ზრდა რეალობაა, ჩვენ კი უბრალოდ არასწორ განზომილებაში დავიბადეთ.
ეზოთერული ეკონომიკა: ეს რიცხვები უბრალო მოკვდავთათვის გაუგებარია და მის სარგებელს მხოლოდ რჩეულები, ერთგვარი ეკონომიკური გურუები იღებენ.
კვანტური გამდიდრება: სიმდიდრე არსებობს, მაგრამ კვანტურ დონეზე. ის ერთდროულად არის კიდეც და არ არის, სანამ ჯიბეში არ ჩაიხედავ. ჯიბეში კი, სამწუხაროდ, დაკვირვების შედეგად კოლაფსირებს და ქრება.

ხოდა, იქნებ ვინმემ ამიხსნას, სად მიდის ეს ზღაპრული დოვლათი? სად ილექება? ვის ჯიბეებში ნაწილდება ეს ორნიშნა ზრდა, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთნიშნა ხელფასით ცდილობს თვიდან თვემდე თავის გატანას?

მანამდე კი, ნება მომეცით, ქართველების ცარიელ მაცივარს და მუდმივად მზარდ კომუნალურ გადასახადებს უფრო ვენდო, ვიდრე თქვენს ფანტასტიკური ჟანრის ნარატივებს.

პატივისცემით,

ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც ფიზიკა-მათემატიკის ნაცვლად, ყოფა-ცხოვრების ეკონომიკა უფრო ადარდებს.

ირაკლი ყიფიანი