ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში 2022 წელს დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. ინფორმაცია “აჭარა თაიმი” ავრცელებს. როგორც ოზთურქის ადვოკატმა, “აჭარა თაიმსს“ უთხრა, ბიზნესმენმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
”სასჯელზე, რომელიც ჰქონდა ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც, რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა. პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი ვერ დადგინდა, მხოლოდ უკანონო შეძენა შენახვის ნაწილია საქმეში,” – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ
რამდენიმე წლის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქე კრისტინა გაგარკინა, რომელიც საქართველოში გადავიდა საცხოვრებლად და იქ თურქ მილიონერზე დაქორწინდა, 22 შვილის დედა გახდა. თავისი ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისა და ოჯახური “ბაღის” შესახებ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობდა, ის სიამოვნებით აძლევდა ინტერვიუებს და ჰყვებოდა პირად ბლოგზე, სადაც ბავშვების ფოტოებს აქვეყნებდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა, წაშალა ბლოგი და შეწყვიტა სოციალურ ქსელში აქტიურობა – რა მოხდა მრავალშვილიან ოჯახში?
როგორ გაიცნო კრისტინამ თურქი ბიზნესმენი
კრისტინა გაგარკინა როსტოვის ოლქის პატარა ქალაქში დაიბადა, ბავშვობაში მშობლებთან ერთად მოსკოვში საცხოვრებლად გადავიდა. ის ოჯახში ერთადერთი შვილი იყო და ყოველთვის ოცნებობდა ძმებსა და დებზე. რადგან დიდ ოჯახში ცხოვრება არ გამოუვიდა, გოგონამ გადაწყვიტა, რომ როცა გაიზრდებოდა, აუცილებლად ეყოლებოდა ბევრი შვილი.
პირველი შვილი – ქალიშვილი ვიკა – მას 17 წლის ასაკში შეეძინა. კრისტინა ქალიშვილს მარტო ზრდიდა, თუმცა მშობლებიც ეხმარებოდნენ. როდესაც შვილიშვილი ვიკა ორი წლის გახდა, ისინი ბავშვთან ერთად დარჩნენ და კრისტინა საქართველოში დასასვენებლად წავიდა. გოგონას წარმოდგენაც არ შეეძლო, რომ ეს მოგზაურობა მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა.
სასტუმროს რესტორანში პირველსავე საღამოს გაიცნო თურქი მილიონერი გალიფ ოზთურქი, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და იქ თავისი ბიზნესი ჰქონდა, იყო ჰოლდინგის მფლობელი, რომელიც სასტუმროების მშენებლობით იყო დაკავებული. გაცნობისას აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ. გალიფსაც ძალიან უყვარდა ბავშვები და ყოველთვის ოცნებობდა დიდ ოჯახზე. მან კრისტინას უთხრა, რომ პირველი ქორწინებიდან, ჩინელ ქალთან, ცხრა შვილს მარტო ზრდიდა.
მათ შორის მაშინვე რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო და მოსკოვში გამგზავრებამდე კრისტინას ხელი სთხოვა. გალიფი უკვე ორმოცდაათს გადაცილებული იყო, მაგრამ ეს კრისტინას სულაც არ აღელვებდა. ქალი მაშინვე დათანხმდა ქორწინებაზე და სახლში გაფრინდა ქალიშვილის ჩამოსაყვანად. მშობლები წინააღმდეგი არ ყოფილან – მათ თავიანთი ერთადერთი ქალიშვილის ბედნიერება სურდათ და ხედავდნენ, რომ ის ძალიან ბედნიერი იყო.
სუროგატი დედებისგან გაჩენილი ბავშვები
როდესაც კრისტინა ქალიშვილთან ერთად ბათუმში ჩაფრინდა, გალიფმა თავიდან ერთ-ერთ საკუთარ სასტუმროში დაასახლა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ქორწილი გადაიხადეს. მალე საკუთარ სახლში გადავიდნენ და ძიძები აიყვანეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უვლიდნენ გალიფის შვილებსა და კრისტინას ქალიშვილს. გალიფმა ბავშვებისთვის იდეალური პირობების შექმნა შეძლო და ამიტომ წყვილმა გადაწყვიტეს, შვილების გაჩენა არ გადაედოთ.
- თავიდან კრისტინა აპირებდა დამოუკიდებლად მშობიარობას, წელიწადში თითო ბავშვს, მაგრამ მეუღლემ უფრო მოსახერხებელი ვარიანტი შესთავაზა – სუროგატი დედების მომსახურებით ესარგებლათ და ერთბაშად დიდი ოჯახი შეექმნათ. კრისტინამ ეს წინადადება აღფრთოვანებით მიიღო. რატომ უნდა საკუთარი ჯანმრთელობით, როდესაც ყველაფრის მიღება პრაქტიკულად ერთბაშად შეიძლებოდა.
საქართველოში სუროგაცია ნებადართულია, ამიტომ ისინი მაშინვე კლინიკაში დარეგისტრირდნენ, ყველა ანალიზი ჩააბარეს და სუროგატი დედების მოლოდინი დაიწყეს, რომელთა მოძიებაც განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენდა. თავად არავის ირჩევდნენ, ყველაფერში კლინიკას ენდობოდნენ. კრისტინამ სოციალურ ქსელებში ბლოგი გახსნა, დაიწყო თავისი სახლის “საბავშვო ბაღის” ფოტოების გამოქვეყნება და საკუთარი გეგმების გაზიარება. გეგმები კი გრანდიოზული იყო – 100-ზე მეტი ბავშვის გაჩენა და აღზრდა!
სუროგატი დედების მომსახურების საფასურისა და ორსულობის პერიოდში მათი შენახვის ხარჯები მეუღლეებს არ აშინებდათ, გალიფს კარგი შემოსავალი ჰქონდა და ამის საშუალებაც ჰქონდა. კრისტინა თავის ბლოგზე წერდა, რომ სულაც არ ნანობდა ბავშვების გასაჩენად დიდი ხარჯის გაღების, ხოლო კითხვაზე – ხომ არ ეშინია ფინანსური პრობლემების, თუკი ქმარს რამე დაემართება, პასუხობდა, რომ მის მეუღლეს ყველაფერი ათასი ნაბიჯით წინ ჰქონდა გათლილი.
“როგორც მოგვიანებით გაირკვა, წინა ცოლი, ჩინელი ქალი, გალიფისთვის ბავშვებს ანალოგიურად აჩენდა და მან მასთან ურთიერთობა კრისტინას გაცნობის შემდეგ შეწყვიტა. უბრალოდ სახლში მივიდა და უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა საქართველო, ხოლო ბავშვები მასთან დარჩებოდნენ. ქართულმა მართლმსაჯულებამ ქალის უფლებების დაცვა ვერ შეძლო და ის ჩინეთში დეპორტირებული იქნა” – წერს რუსული მედია. იცოდა თუ არა ამის შესახებ კრისტინამ გალიფთან გაცნობის მომენტში – უცნობია.
დიდი ოჯახი
პირველი მათი საერთო ვაჟი მუსტაფა დაიბადა, ხოლო მომდევნო წლის განმავლობაში კრისტინა და გალიფი კიდევ თერთმეტი ბავშვის მშობლები გახდნენ, რომლებიც სუროგატი დედებისგან დაიბადნენ. ამრიგად, 2022 წლის ბოლოსთვის მათ ოჯახში უკვე 22 ბავშვი იყო. ძიძების შტატის ოცამდე გაზრდა გახდა საჭირო.
კრისტინა ძალიან მომთხოვნი დიასახლისი იყო. ის პირადად აკონტროლებდა პერსონალის შერჩევას, მომზადებასა და მუშაობას, რომელსაც საკმაოდ ხშირად ცვლიდა, რათა ბავშვები ძიძებს არ მისჩვეოდნენ. ის სამსახურში არ იღებდა ახალგაზრდა და ლამაზ ქალებს, სავარაუდოდ, მეუღლის მხრიდან მათ მიმართ ყურადღების გამოჩენის შიშით. თავად ადგენდა თითოეული ბავშვის დღის განრიგსა და მენიუს, მათი ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
სამსახურში მიღებულ ყველა ძიძას ის დეტალურად გაწერილ ინსტრუქციას აძლევდა, დღის განრიგითა და განმარტებებით, თუ როგორ მოქცეულიყვნენ თითოეულ ბავშვთან, რით გამოეკვებათ, რა წიგნები წაეკითხათ. ძიძებს მკაცრად ეკრძალებოდათ ბავშვების ხელში აყვანა, თამაში და ბავშვებთან ურთიერთობის რაიმე ინიციატივის გამოჩენა. თითოეულ ძიძას უნდა ეწარმოებინა სპეციალური დღიური, რომელშიც აღრიცხავდა ბავშვების ქცევას, მადასა და ნებისმიერ წვრილმანს, ყოველი საფენის გამოცვლამდე.
ყოველი დღის ბოლოს კრისტინა პირადად ამოწმებდა, ყველა ინსტრუქცია შესრულებული იყო თუ არა და როგორ გრძნობდა თავს თითოეული ბავშვი, და მხოლოდ ბავშვების დაძინების შემდეგ შეეძლო პირადი საქმეებისთვის მიეხედა ან ქმართან ერთად სერიალი ეყურებინა, ან თავის ბლოგზე ბავშვების ახალი ფოტოები გამოექვეყნებინა. ის იყო პასუხისმგებლობიანი, მაგრამ ზედმეტად მომთხოვნი დედა და დიასახლისი, ამიტომ მუდმივად ახალი პერსონალის ძიებაში იყო.
როგორ დასრულდა ზღაპარი, როცა გალიფ ოზთურქის ბნელი წარსული გამოაშკარავდა…
2023 წელს კრისტინა გაგარკინა-ოზთურქი მოულოდნელად გაქრა სოციალური ქსელიდან, ის აღარ ეკონტაქტებოდა გამომწერებს, შეწყვიტა ბლოგის წარმოება, შემდეგ კი საერთოდ წაშალა იგი. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო მის ოფისში სამართალდამცველებმა შვიდ კილოგრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს.
გამოძიების დროს გალიფ ოზთურქის წარსულის სხვა ბნელი მხარეებიც გამოაშკარავდა. აღმოჩნდა, რომ ხუთი წლის წინ მან თურქეთიდან გაქცევა მოახერხა მას შემდეგ, რაც ეკონომიკური დანაშაულებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე აღმოჩნდა, რომ გალიფს თურქეთში მიტოვებული ცოლი ჰყავდა, რომელზეც შარიათის კანონებით არის დაქორწინებული.
როდესაც ოზთურქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი, თურქეთმა სამშობლოში უკვე გასამართლებული დამნაშავის ექსტრადირება მოითხოვა, მაგრამ ეს არ მოხდა. ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მისი ანგარიშები დააყადაღა, ხოლო კრისტინა 22 მცირეწლოვან შვილთან ერთად შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ არაფერი იცოდა არც ნარკოტიკების და არც მეუღლის კრიმინალური წარსულის შესახებ, მისთვის ის მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი და მამაა, რომელიც მას და მის შვილებს ძალიან ენატრებათ. მან ციხეში პაემანზე უფროსი ვაჟიც კი წაიყვანა, რომელიც გამუდმებით კითხულობდა, სად იყო მამა და რატომ აღარ კოცნიდა ღამით.
2025 წლის იანვარში კრისტინა საჯარო სივრცეში დაბრუნდა, ახალი ანგარიში შექმნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ არაფერს ნანობს, რჩება საქართველოში, სადაც აპირებს ყველა შვილის გაზრდასა და აღზრდას, ასევე ქმრის გათავისუფლებას დაელოდოს. მაგრამ თავისი პირადი ცხოვრებისა და ბავშვების ფოტოებს ბლოგზე აღარ აქვეყნებს, ასევე უცნობია, სად მუშაობს და რა სახსრებით არჩენს შვილებს. კრისტინას ანგარიშს მცირე რაოდენობის გამომწერი ჰყავს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე შემოსავალი მოჰქონდეს.
ambebi.ge