ბრიტანეთის ხელისუფლება მკაცრად აპროტესტებს „ქართული ოცნების” მიერ „გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებებსა და საჯარო თავდასხმებს”. ამის შესახებ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძეს ოფიციალურად განუცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში. „ოცნებაში” ამას მუქარად აღიქვამენ და ამბობენ, რომ რეალური მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ანალიტიკოსები კი ახალ სადამსჯელო ნაბიჯებს ელოდებიან.
„ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაწესდეს სანქციები, ანუ ახალი ტიპის სადამსჯელო გამაფრთხილებელი ნაბიჯები გადაიდგმევა”, – განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.
ცნობისათვის, ამჟამად საქართველოს ბრიტანეთში ელჩი არ ჰყავს და დიპლომატიურ მისიას სწორედ საგანელიძე ხელმძღვანელობს. ის არის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
ოფიციალური განცხადება
ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ 30 ივნისს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უწყებამ გამოიძახა გიორგი (ბაჩო) საგანელიძე, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა, საგანელიძესთან საუბარში „ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა” საქართველოს „სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ”.
ამასთან, საგანელიძესთან საუბრისას მან „მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების” მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები”
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას.
„საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში დაიბარეს, სადაც მაღალჩინოსანმა ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა მათი ქვეყნის სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ და მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების” მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები.
„ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლებების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა. საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია „ქართული ოცნების” ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, ასევე მათ საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან.
„გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოხმაურება „ოცნებიდან”
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპაუშვილმა განაცხადა, რომ უმჯობესია ბრიტანეთის საელჩომ ფაქტებს უპასუხოს ფაქტებით და არა ბუნდოვანი შეფასებებით, რომელიც აბსოლუტუროდ მოწყვეტილია რეალობას.
„ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ისინი ინგლისურად და რაღაცას ერთმანეთს ვერ ვაგებინებთ. არადა ვხედავთ, ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით, რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას გვპასუხობენ.
„მეც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების” წინააღმდეგ – ბრალდება ნომერი ერთი. ამას უპასუხონ, თქვან, რომ არ დაარღვია და მისი განცხადება არ იყო ჩარევა – აი, თქვან, მაგალითად, ეს. ამის ნაცვლად ამბობენ, რომ ცრუ ბრალდებებია და ა.შ.
„განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ. ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვს ქართველ ხალხს. ამიტომ, პირველი, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც არჩევნებამდე 10 დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ, ინტერვიუს სახით „ქართული ოცნების” წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი – დაარღვია თუ არა, მათი გაგებით, ვენის კონვენცია და თუ დაარღვია, რას აპირებენ, რომ მოიმოქმედონ.
„მეორე – ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების მქონე ადამიანები. ამაზე გვაინტერესებს პასუხი. ამ შეხვედრაზე ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ ეს ცრუ ბრალდება არის, თითქოს ექსტრემიზმის დაფინანსებას აპირებდნენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება „თავს იცავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან და ევროკავშირისგან”.
„ჩვენ არავის ვერჩით. როგორ შეიძლება საქართველო ებრძოდეს ან ბრიტანეთს, ან ევროპას, ან ამერიკის შეერთებულ შტატებს?! ეს ხომ ნონსენსია, წარმოუდგენელია. პირიქით, ჩვენ ვიცავთ თავს იმ უსამართლობისგან, რაც მოედინება თუნდაც ბრიტანეთისგან, თუნდაც ევროკავშირისგან.
„პასუხი მაქვს, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ბრიტანეთს დღემდე არ წარმოუდგენია, ვის და რა ორგანიზაციებს აფინანსებდნენ ბოლო წლების განმავლობაში. გამოაქვეყნონ. შენ თუ კეთილსინდისიერი ხარ, რა პრობლემაა, რომ წარადგინო ეს ყველაფერი, გაასაჯაროო და აჩვენო ყველას, ვის აფინანსებდი?! მაგრამ პრობლემა იცით რა არის – ის, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა: რევოლუციის მოწყობის მცდელობები, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსდებოდა გარედან. ყველას ჰქონდა თავისი ინტერესი. უნდათ, რომ დაემხოთ, ჩამოეგდოთ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა, მაგრამ არ გამოუვიდათ ეს ყველაფერი. ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს აფასებს”, – განაცხადა კალაძემ.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მიზანი რეალური საქართველოში მათთვის სასურველი პოლიტიკური რეჟიმის მოყვანა.
„საქართველოსთან დაკავშირებით მათი მიზანი არ არის რეალური კრიტიკის გამოთქმა, მიზანია საქართველოში მათთვის სასურველი პოლიტიკური რეჟიმის მოყვანა. ეს უკვე ღიად და დაუფარავად ჩანს. ჩვენთან ურთიერთობაში პრაგმატული მიდგომის არჩევა სჯობს, რადგან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი შიშველი შეტევა იწვევს ევროპული პოლიტიკის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას, რაც ევროკავშირის კვლევებით გამოჩნდა. რატომ? – ადამიანები ხედავენ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გარკვეული ქმედებების განხორციელება ხდება”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
რას ნიშნავს ბრიტანეთის დიპლომატიური დემარში
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ახლო მომავალშ ბრიტანეთის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება რეალურია.
„ძალიან დიდი ალბათობაა, რომ დაწესდეს სანქციები, ანუ ახალი ტიპის სადამსჯელო გამაფრთხილებელი ნაბიჯები გადაიდგმევა. დღეს ევროპული ლიბერალიზმის, უფრო ზუსტად მსოფლიო ულტრა ლიბერალური პროცესის ცენტრი ევროპაა და ევროპაში ამ პრობლემის ცენტრი – ინგლისი. ასე რომ, ის ბრძოლა გრძელდება, რაც ულტრა ლიბერალიზმს ჰქონდა ბაიდენის ამერიკისეულ ვარიანტში.
„გახსოვთ, ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში სახელმწიფო დეპატრამენტის კაბინეტიდან ისმოდა მუქარებიც და სანქციებიც. ტრამპის მოსვლის შემდეგ ეს შეწყდა, ესე იგი ასეთი სანქციების უკან პარტიული მოტივებია. ეს პარტიული მოტივები იშიფრება კიდეც, რადგან საქართველოს ხელისუფლება არის მსოფლიოს კონსერვატიული მოძრაობის წევრი და ლიბერალური მოძრაობის ჯგუფი კონსერვატორების მეტოქეები არიან.
„ასე რომ, დაპირისპირება ამ რეჟიმში მოდის, რომლის მიზანი ლიბერალების მხრიდან არის კონსერვატორების, ანუ „ოცნების” ხელისუფლებიდან გაშვება ნებისმიერ ფასად”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან”.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრნენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად. ეს კი ლონდონის ოფიციოზს ეწყინა.
„ბრიტანეთმა, როგორც ჩანს, საქართველო ამოიღო სამიზნეში, რომ ამით მაინც დაიკმაყოფილოს ნეოკოლონიალური ვნებები და პატარა ქვეყნებს გადაუარ-გადმოუაროს. ეტკინათ სიმართლე მათ ქმედებებზე საქართველოში, ეწყინათ, რომ ბრიტანეთის ელჩს ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრნენ ისე, როგორც იმსახურებდა და აგრძნობინეს, რომ დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში იმყოფება ელჩად”, – წერს ანჯაფარიძე.