“საქართველოში დასაქმებულთა 25%-ს 2-დან 3 ათას ლარამდე ხელფასი აქვს“ – როგორ გამოითვლება საშუალო ხელფასი

ცნობისათვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.7 პროცენტით ანუ 226.7 ლარით გაიზარდა და 2 170.1 ლარი შეადგინა.

„საშუალო ხელფასი მოიცავს მინიმალური და მაქსიმალური ხელფასის მქონე ადამიანებს და ის ძირითადი მასის ხელფასის მიხედვით არ არის განსაზღვრული, ის გამოითვლება საშუალო არითმეტიკულით. ჩვენ კერძო და სახელმწიფო სექტორს ვუგზავნით კითხვარებს, ვიღებთ სახელფასო ფონდის შესახებ ინფორმაციას და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობაზე გაყოფით ვღებულობთ მოცულობას საშუალო ხელფასის შესახებ“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ „საქმეში“.

მისივე თქმით, საშუალო ხელფასი წარმოადგენს დარიცხული თანხის და არა ხელზე ასაღები თანხის მოცულობას.

„საშუალო ხელფასი მოიცავს ასევე ზეგანაკვეთური შრომის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას. ის არის მხოლოდ დარიცხული ხელფასი და შინამეურნეობების თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავალს არ აერთიანებს. ის არის დარიცხული თანხის მოცულობა და არა ხელზე ასაღები თანხის მოცულობა. ვიღაცას რომ დაერიცხება 500 ლარი, არ ნიშნავს იმას, რომ მას უნდა ჰქონდეს საშუალო ხელფასზე მაღალი, მაგრამ ვიღაცას 10-ჯერ და 20-ჯერ მაღალი ხელფასი შეიძლება დაერიცხოს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.