„სიენენი“ – ჩრდილოეთ კორეა რუსეთის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 30 000 ჯარისკაცს გაგზავნას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 30 000 ჯარისკაცს გაგზავნას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდ კორეა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები შესაძლოა, რუსეთში მომდევნო თვეებში ჩავიდნენ. უკრაინული სადაზვერვო სამსახურის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია, უზრუნველყოს „საჭირო აღჭურვილობა, იარაღი და საბრძოლო მასალა“ „რუსეთის საბრძოლო დანაყოფებთან შემდგომი ინტეგრაციის“ მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, „არსებობს დიდი შესაძლებლობა“, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ნაწილებში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთონ, „რუსული კონტინგენტის გასაძლიერებლად, მათ შორის ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების დროს“.

გასული წლის ნოემბერში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 11 000 ჯარისკაცი გაგზავნა, რომლებიც რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის შეჭრის მოგერიებაში ეხმარებოდნენ რუსულ ძალებს.

დასავლელი ოფიციალური პირების ცნობით, განლაგების დროს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიდან დაახლოებით 4 000 დაიღუპა ან დაიჭრა.