მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა – იგი 15 დღეა შიმშილობს და სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს.

„დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე, შიმშილობის მე-15 დღე. ერთ-ერთი მოშიმშილე, ტარიელ მიქაცაძე, შეუძლოდ გახდა. არანაირად არ უნდოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება, მაგრამ მის დაუკითხავად მე გამოვიძახე. მოვიდნენ, უბრალოდ, ყველანაირ კონტროლზე, გასინჯვაზე, ჯანმრთელობის მონიტორინგზე თქვა უარი. წნევაც არ გაისინჯა და აცხადებს, რომ სანამ ჩემი მეგობრები არ გათავისუფლდებიან, მე რომ სულ გავითიშო, სულ რომ უგონოდ ვიყო, აქედან საკაცით გამიყვანენო. იმედი გვაქვს, რომ ბიჭები ციხიდან გამოვლენ”, – აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

წყარო: ipn.ge