„ტრანსნეფტის“ ვიცეპრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი მოსკოვში, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
თავდაპირველად ბადალოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ძალოვნებთან დაახლოებულმა Telegram-არხებმა, Baza-მ და Mash-მა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია TASS-მა და „კომერსანტმა“ დაადასტურეს.
სამართალდამცავ ორგანოებში TASS-ის წყარო აცხადებს, რომ „გარდაცვალების წინასწარი მიზეზი თვითმკვლელობაა.“ მეორეს მხრივ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში „კომერსანტის“ წყარო ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგების საფუძველზეც მიიღება პროცედურული გადაწყვეტილება, აღიძვრება თუ არა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის (მკვლელობა) მუხლით.
ანდრეი ბადალოვი 1962 წლის 17 აგვისტოს კრასნოდარში დაბადა, ხოლო მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებში მუშაობდა. 2019 წლის ივლისიდან ის ფედერალური სახელმწიფო ავტონომიური უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტ „ვოსხოდის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც სახელმწიფო ავტომატიზებულ სისტემებს ავითარებს. „ტრანსნეფტის“ ვიცეპრეზიდენტი ბადალოვი 2021 წელს გახდა. ამ თანამდებობაზე ის ციფრული ტრანსფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის ავტომატიზაციის საკითხებს კურირებდა.
ბოლო წლებში რუსეთში მსგავს საეჭვო ვითარებაში ნავთობკომპანიების რამდენიმე ტოპ-მენეჯერი გარდაიცვალა. კერძოდ, 2022 წლის აპრილში მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომბანკის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, ვლადისლავ ავაევი, მისი მეუღლე და არასრულწლოვანი ქალიშვილი. წინასწარი მონაცემებით, ბანკირმა ოჯახი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. რუსული მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი შესაძლოა, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი ყოფილიყო. ავაევის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს „ნოვატეკის“ ყოფილი ტოპ-მენეჯერი სერგეი პროტოსენია, მისი მეუღლე და ქალიშვილი. მაშინ ესპანური მედია წერდა, თითქოს, პროტოსენიამ ცოლი და ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ასევე, 2022 წლის სექტემბერში „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს 67 წლის თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი გარდაიცვალა. „ლუკოილის“ ნეკროლოგში ეწერა, რომ მაგანოვი „მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.“ რუსული მედია, მათ შორის, TASS და „ინტერფაქსი“, წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მაგანოვმა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში თავი მოიკლა, ის ფანჯრიდან გადმოვარდა.
ცნობისთვის: „ტრანსნეფტი“ რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნავთობსადენების ოპერატორი კომპანიაა. ის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მაგისტრალურ მილსადენებს მართავს. მისი შტაბ-ბინა მოსკოვში მდებარეობს.
„ტრანსნეფტი“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა, რომელიც 68-ათასკილომეტრიან მაგისტრალურ მილსადენებს, 500-ზე მეტ სატუმბო სადგურსა და 24 მლნ კუბურ მეტრზე მეტი ტევადობის საცავებს ფლობს. კომპანია რუსეთში წარმოებული ნავთობის 83%-ისა და წარმოებული ნავთობპროდუქტების 30%-ის ტრანსპორტირებას ეწევა. „ტრანსნეფტის“ მაგისტრალური ნავთობსადენის სიგრძე 50,8 ათასი კმ-ია, ხოლო ნავთობპროდუქტების მილსადენების სიგრძე 16,4 ათასი კმ-ს შეადგენს.
უკრაინის ომის გამო კომპანია ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და რამდენიმე სხვა ქვეყნის საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.