ეკატერინბურგში ორი აზერბაიჯანელის გარდაცვალებამ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში უპრეცედენტო კრიზისი გამოიწვია , თუმცა ექსპერტების თქმით, ამ დაპირისპირების საფუძველი წლების განმავლობაში გროვდებოდა.
ბაქო დიდ ხანია ცდილობდა რუსეთის გავლენის შეესუსტებინა სამხრეთ კავკასიაში და ყოფილი მეტროპოლიისთვის თანასწორ პარტნიორად ქცეულიყო.
-
რამდენ ხანს გაგრძელდება ბაქოს კამათი კრემლთან?
რუსეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტის გაუქმება, რუსეთის ძალოვნების მიმართ წამებისა და მკვლელობის ოფიციალური ბრალდებები, ბაქოში დაკავებული რუსების ცემა, რუსული საინფორმაციო სააგენტოს ოფისის დარბევა და რუსეთის ნაცისტურ გერმანიასთან შედარება სახელმწიფო მედიაში – ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნაბიჯებისა, რაც აზერბაიჯანმა ერთი კვირის განმავლობაში გადადგა, ეკატერინბურგში ძმებ საფაროვების გარდაცვალების შემდეგ.
ასეთი პასუხი მოსკოვისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა. კრემლმა მას დემარში უწოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პროპაგანდისტულმა მედიამ კი ღიად გამოხატეს უკმაყოფილება იმ მოქმედებების მიმართ, რომელიც ფორმალურად მოკავშირე სახელმწიფოსგან მოდიოდა.
“მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს და ეს ზოგიერთ ძალას არ მოსწონს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი დაამატა:
“რუსეთი არასდროს დამუქრებია და არც მომავალში დაემუქრება აზერბაიჯანს”.
მიუხედავად იმისა რომ მსგავსი ინციდენტები ადრეც ხდებოდა, მაგალითად: 2021 წელს, ნოვოსიბირსკში, დაკავებისას, აზერბაიჯანელი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 2020 და 2023 წლებში აზერბაიჯანის სამხედრო ქმედებებს რუსი ჯარისკაცების დაღუპვა მოჰყვა, ამ მასშტაბის რეზონანსი მხოლოდ ივნისში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.
თუმცა, ეკატერინბურგის ინციდენტი უფრო კრიზისის სიმპტომია, ვიდრე მიზეზი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უთანხმოება, რომელიც 2024 წლის დეკემბერში, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიერ შეცდომით ჩამოგდებული აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავით და 38 დაღუპული მგზავრით დაიწყო, ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა ბოდიში მოიხადა, ილჰამ ალიევისთვის ეს არასაკმარის აღმოჩნდა, იგი რუსეთის პასუხისმგებლობის ოფიციალურად აღიარებასა და დეტალურ გამოძიებას ითხოვდა.
2025 წლის ივლისში, ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც, თითქოს, აზერბაიჯანულ თვითმფრინავზე რუსული რაკეტის მოხვედრის მომენტია ასახული. ასევე გამოქვეყნდა წერილი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ოფიცრისგან, რომელმაც გასროლის ბრძანება გასცა, თუმცა წყარო ვერ ადასტურებს ვიდეოსა და წერილის ავთენტურობას.
გარდა ამის დღევანდელ დაპირისპირებაში თავის როლს ასრულებს კრემლის სურვილი, პოსტსაბჭოთა სივრცეში შეინარჩუნოს მთავარი მოთამაშის პოზიცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის აზერბაიჯანის სურვილთან, რომელიც ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად განვითარდა და ეკონომიკური/ სამხედრო ძალით სამხრეთ კავკასიის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გახდა. ამას დაემატა 2020 წლის ომში გამარჯვება, მთიანი ყარაბაღის დაბრუნება 2023 წელს, ურთიერთობების გაუმჯობესება დასავლეთთან, ირანთან, თურქეთთან და ისრაელთან კი სამხედრო თანამშრომლობის ინტენსივობის გაზრდა.
“რუსეთი იერარქიულ სტრუქტურაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობა, მაგრამ ბაქო არ არის თანახმა მორჩილი პარტნიორის როლი მოირგოს“ – აცხადებს ექსპერტი ზაურ შირიევი.
-
სავაჭრო პარტნიორი და იდეოლოგიური თანამებრძოლი
თავის მხრივ მოსკოვსაც აქვს მიზეზი ბაქოთი უკმაყოფილო იყოს. 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ალიევმა და პუტინმა მოკავშირეობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი, თუმცა აზერბაიჯანი რეალური მოკავშირე არ გამხდარა – ის დღემდე უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის.
მრავალრიცხოვანი სანქციების პირობებში მოსკოვი ძლიერ არის დამოკიდებული აზერბაიჯანის მსგავს მოკავშირეებზე, რომელიც იმ “ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფანში მონაწილეობს, რაც რუსეთს აზიურ ბაზრებთან აკავშირებს და ბაქოც მშვენივრად იყენებს ამ ფაქტს.
გარდა ამისა მოსკოვსა და ბაქოს საერთო იდეოლოგიური ღირებულებებიც აკავშირებთ, – აღნიშნავს ექსპერტი ჯოშუა კუჩერა – კერძოდ, დასავლეთის კრიტიკა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში, რაც ორივე ქვეყნის დედაქალაქში აღიქმება, როგორც ინსტრუმენტი, რომელსაც დასავლეთი ფარისევლურად იყენებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად.
-
უკრაინის შემდეგ, სომხეთთან ერთად
მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური კონფლიქტი შეიძლება მალე დამთავრდეს, ზაურ შირიევის აზრით, აზერბაიჯანისა და რუსეთის მყარ ურთიერთობებს პერსპექტივები არ გააჩნიათ, მისი თქმით, ბაქოში ესმით, კრემლში ამჟამად ითმენენ მეზობლების დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, მაგრამ თუკი უკრაინაში ომი დამთავრდება და რუსეთი რესურსებს აღიდგენს, იქ ძალიან სწრაფად შეუძლიათ აზრი შეიცვალონ. ყოველივე ამის გააზრება ბაქოს უბიძგებს ერევანთან მოლაპარაკებები აწარმოოს და გარკვეულ კომპრომისზეც კი წავიდეს.
ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია შესული და მთავარ პრობლემად რჩება აზერბაიჯანის მოთხოვნა – შეიცვალოს სომხეთის კონსტიტუცია. ფაშინიანი მზადაა წავიდეს ამ ნაბიჯზე, თუმცა ეს რეფერენდუმს საჭიროებს, რომელიც 2026 წლის ივნისზე ადრე არ შეიძლება გაიმართოს და მისი შედეგიც არაპროგნოზირებადია. კრიზისის გახანგრძლივება კი პირველ რიგში ისევ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ ბაქოში ფაშინიანთან დაკავშირებით დიდ სიფრთხილეს იჩენენ, სომხეთის პრემიერზე ზედმეტმა ზეწოლამ შეიძლება მისი პრორუსი ოპონენტები გააძლიეროს, რაც უარყოფითად აისახება ბაქოსთვის რეგიონის პოლიტიკური სიტუაციაზე. ერევანში, ხელისუფლებაში ანტირუსული ძალების ყოფნა კი საუკეთესო საშუალებაა სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენების შესასუსტებლად.