შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე და ჩვენ ყოველ ასეთ შემთხვევაზე ვიქნებით ძალიან ხმამაღალი

“ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე და ყოველ შემთხვევაზე ვიქნებით ძალიან ხმამაღალი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

 შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი გამოეხმაურა ცესკო-ს განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული ორგანიზაციების მცდელობაზე, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა ხელყონ. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება ცესკოს პოზიციას, რომ უპასუხოდ არ დატოვოს არცერთი ასეთი უსაფუძვლო განცხადება.

“ამ ცრუ ყალბი კამპანიის შემდეგ, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების ხელით იყო წარმოებული, მოვისმინეთ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ასახავს ამომრჩევლის ნებას. წერტილი. ეს არის პასუხი ყველა იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა, ეს არის პასუხი ბრიუსელის ბიუროკრატების მიმართ, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა, ეს არის პასუხის ზოგიერთი საქართველოში მოქმედი ელჩის მიმართ, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებდა იმით, რომ მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ცივ დამოკიდებულებას აჩვენებდა, თითქოს ეს არჩევნები ხინჯიანი იყო. მას შემდეგ, რაც ეუთოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ სრულად არის ასახული ამომრჩევლის ნება არჩევნების შედეგებში, ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებებმა, ბრიუსელმა, ზოგიერთმა ელჩმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ აბრალებდნენ თითოს ქართულ დემოკრატიას არ აქვს იმის უნარი, რომ ქართველმა ხალხმა თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება.

ეს განცხადებები, მათ შორის, ეხება ზოგიერთი ენჯეოს მიერ წარმოებულ კამპანიას. კერძოდ, ნინო ლომჯარიას ენჯეო “ჩემი ხმა”, რომელიც რამდენიმე ენჯეოს აერთიანებდა, ჩართული იყო პირდაპირ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აგიტაციაში. მაგრამ ვინ ჩივის ენჯეოების აგიტაციას, როცა თავად ევროკავშირის ელჩი იყო ჩართული “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აგიტაციაში. დაარღვია ვენის კონვენცია, დაარღვია ადამიანური ეთიკაც და დიპლომატიური ეთიკაც იმით, რომ სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე ცდილობდა გავლენის მოხდენას საარჩევნო შედეგიდან გამომდინარე.

ახლაც ზუსტად იმავეს ვხედავთ და ეს არის პირველი სიგნალი და აქედანვე უნდა ვიყოთ ძალიან ხმამაღალი და მკაცრი ამ ენჯეოების შეფასებაში, რომლებიც თავს ესხმიან ცესკოს და არჩევნებს. ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან მას შემდეგ, რაც ვხედავთ, რომ ამერიკის დაფინანსება უკვე ამ სფეროში აღარ არის. ევროკავშირის ელჩის სანქცირებით ხდება დაფინანსება ორგანიზაციების, რომლებიც აქედანვე იწყებენ მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაზე.

ევროკავშირის ბიუჯეტის ფული იხარჯება საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ვცდილობდით ჩვენ, მათ შორის შარშან, არჩევნების წინ ანგარიში გაგვეწია, დაგვენდო, დაგვეზოგა ზოგი უცხოელი ელჩი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი და ვხედავთ ჩვენ რა შედეგი მოიტანა ამან, რომ კიდევ უფრო უხეშად ერეოდნენ ამის შემდეგ ჩვენს არჩევნებში. ამიტომ, აქედანვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლისთვის. ასე რომ, სრული პასუხისმგებლობა იქნება დონორებზე და ყოველ შემთხვევაზე ვიქნებით ჩვენ ძალიან ხმამაღალი. პირდაპირ ვამხელთ როგორც ორგანიზაციას, ასევე დონორს, ვინაიდან ეს გახლავთ საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ჩვენი ამოცანაც არის, რომ ევროკავშირს არ დავარღვევინოთ საერთაშორისო სამართალი.

ეს არის ჩვენი ხალხის სურვილიც, რომ ის რეპუტაცია, რომელიც აქვს ევროკავშირს და რომელსაც ასე აფუჭებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ეს რეპუტაცია შევუნარჩუნოთ და ბრიუსელის ბიუროკრატიასა და ზოგიერთ დონორს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ რეპუტაცია შეულახოს ევროკავშირს და შეულახოს ევროპულ ღირებულებებს, რომელზედაც სიტყვით ხშირად ლაპარაკობენ და საქმით კი არიან საერთაშორისო სამართლის დამრღვევები. ასე რომ, მისასალმებელია ცესკოს განცხადება. ყველას ვამხელთ ასეთ ჩარევებში, ჩვენი არჩევნების ჩაშლის შესაძლებლობას უცხოელებს ნამდვილად არ მივცემთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.