თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი ალეკო დავითაძე სოციალურ ქსელში ვრცელს პოსტს აქვეყნებს:
“ბევრჯერ დავწერე და ბევრჯერ წავშალე – თუმცა გულით სათქმელი, აუცილებლად მინდა ვთქვა.
2012 წელს გავიცანი, ერთ აუდიტორიაში ლექციებს ვესწრებოდით მაგისტრატურაზე. თავიდანვე გამოვნახეთ საერთო ენა, ვინაიდან ბევრჯერ მითქვამს და ეხლაც განვმეორდები „ეტყობოდა – ნიჭიერი კაცი იყო“. ისე მოხდა, რომ საერთო ინტერესები მალევე გამოვნახეთ. შემდეგ ჩვენი გზები საგანმანათლებლო და კარიერული მიზნებიდან გამომდინარე გაიყო – მან ლონდონში გააგრძელა სწავლა მე ვარშავაში.
2017 წელს ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა – უკვე ქვეყანაზე ზრუნვის ნაწილში. ახალბედა იყო ამ სფეროში, მე ცოტა მეტი გამოცდილება მქონდა იმ მოცემულობაში – ბოლომდე გვერდში დავუდექი, აქაც ნიჭიერი დარჩა და ყველაფერი უცებ აითვისა, „მეც მისი მხარდაჭერა მქონდა.“
ცხოვრება უცნაური რამ არის, ვთანხმდებით. 2021 წლის 18 მაისს ჩვენი გზები გაიყარა, თან ისე, რომ მის კაბინეტში ბოლო შეხვედრის შემდგომ 1 კომუნიკაციაც კი არ გვქონია. მაშინ დავპირდი, რომ ოდესღაც „სამოქალაქო ფორმაში – მიწაზე დაშვებულები“ ისევ შევხვდებოდით და ამ ყველაფერზე ვისაუბრებდით უკვე სხვა რაკურსიდან. არაერთხელ ავკრიფე მესიჯი 4 აპრილს, როცა მისი გადადგომის შესახებ გავიგე – თუმცა გამოცდილი მქონდა რა ის შეგრძნებები რაც მას აუცილებლად ექნებოდა იმ პერიოდში – აღარ მივწერე…
ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!! ვიცნობ მას რა, პირად ცხოვრებაში და საქმეში, ჩემთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია თორნიკეს ჩართულობა თუ მფარველობა ნებისმიერი ტიპის ნარკო დანაშაულთან მიმართებაში. აბსოლუტური ბლეფია…
არ შემიძლია არ გავიხსენო მისი დამოკიდებულება ადამიანების ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ერთი ადამიანიც არ მახსენდება – მოსულიყოს მასთან ჯანმრთელობის დახმარების თხოვნით და დახმარების გარეშე უკან წასულიყოს. იქ სადაც კანონი უძლური იყო აუცილებლად გამონახავდა ხოლმე რესურსს, გზას, რომ რამენაირად დახმარება გაეწია, ხშირად პირადი სახსრებითაც კი.
თორნიკე, ვიცი, ყველა ჩემი ძველი პოსტი წაკითხული გაქვს გულისყურით. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ პოსტსაც წაიკითხავ გულისყურით და ჯანმრთელი ეყოლები შენს ოჯახს გვერდში.აუცილებლად უნდა გადარჩე ! ! !” – წერს ალეკო დავითაძე.