მაკრონი: ევროპის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი არიან

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა პარიზისა და ლონდონის განსაკუთრებულ როლს ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა განაცხადა, რომ ლონდონმა და პარიზმა „საერთაშორისო წესრიგი“ უნდა დაიცვან დიდი ბრიტანეთის ომის დროინდელი ლიდერის უინსტონ ჩერჩილის ტრადიციის შესაბამისად.

მან ეს მოწოდება გააკეთა „დესტაბილიზაციის გამომწვევი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო წესების უგულებელყოფის“ ფონზე, რომლებიც, მისი თქმით, „ცდილობენ, მსოფლიო საკუთარ სასარგებლოდ გაიყონ“.

„ჩვენს ორ ქვეყანას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია კონტინენტის უსაფრთხოებაზე. დღეს ევროპაში სასწორზე ჩვენი შესაძლებლობა დევს, ავიღოთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, – ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა ასევე მოუწოდა ბრიტანელ კანონმდებლებს, „შეამცირონ აშშ-სა და ჩინეთზე ზედმეტი დამოკიდებულება“.

„ჩვენ უნდა შევამციროთ ჩვენი საზოგადოებისა და ეკონომიკის რისკი… ჩვენ უნდა შევამციროთ აშშ-ისა და ჩინეთის მიმართ გადაჭარბებული დამოკიდებულება“, – განუცხადა მან კანონმდებლებს და დასძინა, რომ ის ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს ერთ კალათაში არ ათავსებს.

ცნობისთვის, მაკრონი მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.

საფრანგეთის პრეზიდენტი 9 ივლისს ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, ვიზიტის ბოლო დღეს კი ორმხრივი სამიტი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრასთან ერთად გაიმართება.