გადაწყვეტილება მიღებულია! – ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისთვის ახალი ციფრული შესვლა-გასვლის სისტემის (Entry/Exit System-EES) დანერგვა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას პარლამენტის 572-მა წევრმა მისცა ხმა.

ევროკავშირი

ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება.

ევროკავშირში შესვლის ახალი სისტემა შემოდგომიდან, თანდათან დაინერგება.

ამდენად, მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში შესვლისას უკვე შემდეგი მონაცემები იქნება საჭირო: სახელი, დოკუმენტის ტიპი, საზღვრის გადაკვეთის ადგილი და ბიომეტრიული მონაცემები. მონაცემები იმ პირთა შესახებ შეგროვდება, რომლებიც ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზით ან უვიზო რეჟიმით შედიან.

სისტემა 180 დღის განმავლობაში დაინერგება. საწყის ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში მისი ფუნქციონირება შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სისტემის ჩაშვების ფორმატს, თანდათანობით დანერგონ ის თუ ყველა საკონტროლო პუნქტზე დაუყოვნებლივ დაიწყონ.

EES მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე თანაბრად გავრცელდება. ეს ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში მათი ყველა შესვლა-გასვლა ერთ მონაცემთა ბაზაში აღირიცხება, ხოლო სასაზღვრო სამსახურები მათ ბიომეტრიულ მონაცემებს ავტომატურად წაიკითხავენ და შეინახავენ.

EES-ის მთავარი მიზანი სასაზღვრო კონტროლის მოდერნიზაცია, შენგენის ზონაში უსაფრთხოების გაუმჯობესება და მრავალი პროცედურის ავტომატიზაციით სასაზღვრო შემოწმების მეტი ეფექტურობაა.

რა იცვლება ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შემსვლელი მოქალაქეებისთვის 

შესვლისა და გასვლის რეგისტრაცია – სისტემა მესამე ქვეყნის მოქალაქეების ყოველი შესვლისა და გასვლის შესახებ ავტომატურად აღრიცხავს მონაცემებს, როგორიც არის თარიღი, საზღვრის გადაკვეთის ადგილი, ინფორმაცია სამგზავრო დოკუმენტზე და ბიომეტრიული მონაცემები, ანუ თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება.
პასპორტში შტამპების ჩანაცვლება – EES პასპორტებში შტამპის ხელით დასმის ამჟამინდელ პრაქტიკას შეცვლის, რაც დროს დაზოგავს და საზღვრის გადაკვეთის უფრო ზუსტ მონაცემებს უზრუნველყოფს.

ევროკავშირში ყოფნის ხანგრძლივობის აღრიცხვა – სისტემა ავტომატურად გამოთვლის, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა მოგზაური შენგენის ზონაში, რაც მაქსიმალური ვადით, კერძოდ, 180-დღიან პერიოდში 90 დღით ყოფნის წესის დაცვას ხელს შეუწყობს.

დარღვევების გამოვლენა – EES იმ პირთა გამოვლენას გაამარტივებს, რომლებიც ევროკავშირში ყოფნის ნებადართულ ვადას აჭარბებენ, ასევე, ხელს შეუწყობს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც დოკუმენტების გარეშე მოგზაურობენ ან ყალბ დოკუმენტებს იყენებენ.

გაძლიერებული უსაფრთხოება – ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის სხვა მონაცემთა ბაზებთან, როგორიც არის, მაგალითად, სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS) და ევროკავშირის მოქალაქეთა მონაცემთა სისტემა (SIS), რაც ტერორისტული თავდასხმებისა და სხვა სერიოზული დანაშაულების პრევენცია-გამოძიებას ხელს შეუწყობს.

ვისზე ვრცელდება ეს ცვლილება?

ვიზის არმქონე ვიზიტორებზე (მაგალითად: გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა, ავსტრალია და იაპონია);

შენგენის ვიზის მფლობელებზე, რომლებიც მოკლევადიანი ნებართვით შედიან;

ხშირ მოგზაურებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე;