ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით ურთულესი მდგომარეობაა

ენერგეტიკის დარგის განვითარება შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ამის მიზეზი დარგში ინვესტიციების ნაკლებობაა, რის გამოც ახალი პროექტები რეალურად ვერ ხორციელდება და ვერც დაწყებული. როგორც გაირკვა, 88 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი გაჩერებულია. ამ დროს  ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი  ენერგეტიკაა. საქართველო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობითა და განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით, ყოველთვის იპყრობდა ინვესტორების ყურადღებას, დღეს კი საპირისპირო რეალობის წინაშე აღმოჩნდა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ჰესების წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტია, ნაწილობრივ პრობლემა ქვეყნის ენერგეტიკულ პოლიტიკას უკავშირდება,  რაც ჯერჯერობით ნორმალური განვითარების შესაძლებლობას ვერ ქმნის.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი  ჩვენი ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში წლიდან წლამდე მცირდება.

როგორც  „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა, სფეროში მძიმე მდგომარეობა რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, მათ შორის,  ცნობიერების დაბალი დონე და  კომუნიკაციის პრობლემა.

,,დღეს საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის 88 პროექტია გაჩერებულია, ეს არის ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი. ინვესტორები, რომლებსაც ჰიდროში უნდა განეხორციელებინათ ინვესტიციები, გადავიდნენ მზეზე. კარგია, რომ მათ საერთოდ არ დატოვეს სექტორი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დროებითია და არ გავზრდით იმპორტდამოკიდებულებას, ეს სერიოზული გამოწვევა იქნება,“ – განაცხადა მაია მელიქიძემ  გადაცემაში „საქმე“ .

მისი თქმით, აუცილებელია ნამოხვანის, ნენსკრას, ხუდონჰესის აშენება, რადგან მათ გრძელვადიანი სარგებელი ექნება.

„ჩვენ ძალიან მდიდარი ვართ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით, მაგრამ ამის მიუხედავად არ ვართ თვითკმარი და მუდმივად ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. წლიდან წლამდე იმპორტი 3-დან 5%-მდე იზრდება და ამას თავისი მიზეზები აქვს: ადამიანების საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება და ამ ყველაფერს სჭირდება ენერგია. ამასთან, როდესაც ტექნოლოგიურ პროგრესზე ვსაუბრობთ, ელექტროენერგიის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ის ტემპი, რომელიც ქვეყანას აქვს, არის ნელი, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება რეგიონში“ – აღნიშნა მელიქიძემ.

ის, რომ გაზრდილ მოთხოვნას ენერგეტიკის რესურსი ვერ ყოფნის და დარგი სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ,,რეზონანსთან” ორგანიზაცია ,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი ადასტურებს. მისი შეფასებით, საქართველოს სჭირდება ენერგეტიკის სექტორის სწრაფი განვითარება, რისთვისაც საჭიროა მეტი ჰიდროელექტროსადგური და მეტი ენერგიის გამომუშავება. ამ დროს რეალობა რთულია და დარგი გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

“ენერგეტიკის სექტორში კაპიტალდაბანდება არასაკმარისია. ეს ნიშნავს, რომ საინვესტიციო გარემო არ არის ისეთი, რომ კვალიფიციური ინვესტორები მოიზიდოს. არის მოსაზრება, რომ რადგან ინვესტორების მოზიდვა გვიჭირს, მთავრობამ საკუთარი რესურსი უნდა გამოიყენოს. ეს არასწორი მიდგომაა. ჰესებს სახელმწიფო ვერ აააშენებს, მან უნდა შექმნას ჯანსაღი ბიზნესგარემო ინვესტორებისთვის და რესურსი, რაც გააჩნია, სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელებას მოახმაროს. სახელმწიფოს ფული მსგავს პროექტებში უნდა იხარჯებოდეს, ენერგეტიკაში კი შექმნას პირობა და   კეთილსინდისიური ინვესტორი შემოიყვანოს.

სექტორში ნამდვილად სერიოზული პრობლემაა, დარგის განვითარება ჩიხში შედის. ვხედავთ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ხდება დენის, წყლის, გაზის გათიშვა. ქვეყანაში დიდი ინოვაციური პროექტების ნაკლებობაა, არის რიგი გამოწვევები, რასაც სათანადო პასუხი ჯერჯერობით ვერ გაეცა”, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სრულად ადგილობრივი წარმოებით დააკმაყოფილოს და ენერგოდამოუკიდებლობასაც მიაღწიოს. არის სხვა პრობლემაც. იმისთვის, რომ მზე და ქარი შეიყვანო სისტემაში და ააშენო, მას ისევე სჭირდება ფართობი, როგორც ჰესების  ინფრასტრუქტურა მოითხოვს.

ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძის  თქმით, როიგორიც არ უნდა იყოს განახლებადი ენერგიების მიმართ ინტერესი, ჰესების მშენებლობის გარეშე გაჭირდება ამ ელექტროენერგიების შეყვანა ექსპლუატაციაში.

,,რა რაოდენობის განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებსაც შევიყვანთ ექსპლუატაციაში, იმ მოცულობითი სიმძლავრის დენი უნდა გქონდეს პარალელურად. ეს შეიძლება იყოს წყალსაცავიანი ჰესები, ამიტომ ვამბობთ, რომ ჰესები მშენებლობის ტემპი უნდა დაჩქარდეს. სამწუხაროა, რომ პროექტების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა, მან შეიძლება სექტორის განვითარება ჩიხში მოაქციოს.

მნიშვნელოვანია ინვესტორებთან აქტიური მუშაობა, რათა ის მძიმე გამოცდილება, რაც ნამოხვანჰესის შემთხვევაში გვქონდა, აღარ განმეორდეს. მეორეს მხრივ, საჭიროა, აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია თუ რა სიკეთე მოაქვს ჰესების მშენებლობას და ასევე გენერაციის სხვა ობიექტების განხორციელება-განვითარებას.

საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობაც ქვეყანაში, რომ ინვესტორი არ დაფრთხეს და თამამად შეძლოს ფულის დაბანდება კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. ესეც გამოწვევაა”, – აღნიშნა ჭიჭინაძემ ,,რეზონანსთან” საუბრისას.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტირება 2019 წელს განხორციელდა – 262 მილიონი დოლარის მოცულობით, შემდგომში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა და 2020 წელს მხოლოდ 25 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. ეს ფაქტიც ლოგიკურია იმ თვალსაზრისით, რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკური აქტივობა მინიმუმამდე შემცირდა.

შემდგომ ინვესტირება სექტორში შედარებით გამოცოცხლდა და 2021 წელს ჯამში ენერგეტიკაში 183 მილიონი დოლარი ჩაიდო. შემდგომ წლებში კი ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების კლების ტენდეცია გრძელდებოდა. 2024 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 127 მლნ დოლარი შეადგინა.