“ჩრდილოეთ კორეა ქიმიური იარაღის შემუშავებითაა დაკავებული, რომლის გამოყენებას ის სამხრეთ კორეასთან ბრძოლის ველზე, სრულმასშტაბიანი ომის პირობებში გეგმავს,“ – ამის შესახებ telegraph-ი ჩრდილო კორეის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკვე ჩაატარა ქიმიური ნივთიერების შემცველი ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტების საცდელი გაშვება და საფრთხის ესკალაციის პირობებში, მათი გამშვების დანადგარების ფრონტის წინა ხაზზე განთავსებას გეგმავს.
“კიმ ჩენ ინის რეჟიმი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ქიმიურ იარაღს, როგორც სტრატეგიულ შემაკავებელ ფაქტორს და სულ უფრო აფართოებს კვლევებს ამ მიმართულებით. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქიმიური იარაღი, ის სტრატეგიული შეიარაღებაა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მოწინააღმდეგის სარდლობის და მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების განეიტრალებას უნდა ემსახურებოდეს“, – აღნიშნა წყარომ
- სამხრეთ კორეის მონაცემებით, ჩრდილოეთ მეზობელს დაახლოებით 2,500-დან 5,000 ტონამდე ქიმიური აგენტის მარაგი აქვს და მათი პროგრამა ციანიდის, იპრიტის, ფოსგენის, სარინისა და VX-ის მოპოვებაზეა ორიენტირებული.
გარდა ამისა გავრცელდა ინფორმაცია რომ ჩრდილო კორეელი მეცნიერები იმ ახალი ბიოქიმიურ ნივთიერებების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გარეშე მის გასანეიტრალებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ბუნებრივია რომ ახლი ქობინებით აღჭურვილი რაკეტების მთავარი სამიზნე სამხრეთ კორეა იქნება, მართალია 1950-იანი წლების შემდეგ მათ შორის ღია კონფლიქტი არ მომხდარა, მაგრამ ორი მეზობელი სახელმწიფო ფორმალურად ჯერ კიდევ ომში იმყოფება და კიმ ჩენ ინს არაერთხელ გამოუთქვამს მუქარა, რომ პროვოკაციის შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.