ესპანეთში ულტრამემარჯვენეებს და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტორე-პეჩეკოში ულტრამემარჯვენე აქტივისტებსა და მიგრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

შეტაკებების შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა, ხოლო ერთი პირი პოლიციამ დააკავა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანები, რომლებსაც ულტრამემარჯვენე დროშები უჭირავთ და მაროკოს დროშებით შეკრებილი ხალხი ერთმანეთს ნივთებს ესვრის.

მანამდე ქალაქის მერიასთან 2 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა. შეკრების მიზეზი 9 ივლისს მომხდარი ინციდენტი გახდა, როდესაც 3 ადამიანი, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულ პირებს ჰგავდნენ, 68 წლის ადგილობრივ მოქალაქეს თავს დაესხნენ. საპროტესტო აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ რადიკალმა აქტივისტებმა ქუჩებში დაიწყეს ადამიანების დევნა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსულებს ჰგავდნენ.

ტორე-პაჩეკოს მოსახლეობის თითქმის მესამედი უცხოელები არიან. ისინი, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულები.