„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, სახალხო დამცველს მძიმე წერილით მიმართავს – ამტკიცებს, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, თავდამსხმელი საკანში დაწესებულების ადმინისტრაციის თანხმობით შევიდა, ბაჩიაშვილს ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობენ. შემთხვევაზე რეაგირება მოითხოვა სახალხო დამცველმა, პოლიტიკური ოპონენტები ამას რეჟიმის „პირად შურისძიებად” აფასებენ, პენიტენციური სამსახური კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ცილისწამებად მიიჩნევს.
ირკვევა, რომ დაზარალებულმა ბაჩიაშვილმა სახალხო დამცველს ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც მის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობაზე” აცნობა.
„2025 წლის 12 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს N18 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ შეხვდა და ესაუბრა მას პენიტენციურ დაწესებულებაში. აპარატს აქვს აქტიური კომუნიკაცია მსჯავრდებულის ადვოკატებთან და გააგრძელებს პატიმრის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მონიტორინგს”, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.
მანამდე მედიაში ბაჩიაშვილის წერილი გავრცელდა. წერილში ვკითხულობთ, რომ 11 ივლისს N8 დაწესებულების საკანში, სადაც ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, უცნობი პიროვნება შევიდა, რომელმაც თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. (დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს პიროვნება ასევე მსჯავრდებულია.)
ბაჩიაშვილი წერს, რომ 8 ივლისს დაწესებულების ხელმძღვანელმა, დავით გოგობერიშვილმა, პირად საუბარში მეგობრულად ურჩია, ბიძინა ივანიშვილისთვის გაეხსნა მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები.
11 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბაჩიაშვილის საკნის კარი (სადაც ის ერთი კვირაა მარტო იმყოფებოდა ვიდეოთვალის ქვეშ) გაიღო და მასში უცნობი პირი შევიდა.
„მან აგრესიულად მითხრა, რომ აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა. ვუპასუხე, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა – მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო შემოშვებული. შემდეგ დაიწყო გინება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ვთხოვე, შეეწყვიტა, . ამის შემდეგ პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდა – მირტყამდა მუშტებს ,მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა. ჩხუბისას კარის სარკმელი შეაღო ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა, თუმცა უცნობმა მას სთხოვა დაეკეტა, რასაც მაშინვე დაემორჩილა. შემდეგ აიღო შუშის ჩაის ჭიქა და თავზე დამამტვრია, .
გონზე მოსვლის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ცემას, ცდილობდა ნამსხვრევით ჭრილობა მიეყენებინა ყელისა და სახის არეში, თუმცა მხოლოდ მაჯაზე მოახერხა. შემდეგ ხელით მირტყამდა სახეში და კედელზე მიმარტყმევინებდა თავს. ბოლოს არჩილმა კარი ისევ გააღო და ეს პირი გაიყვანა საკნიდან. საკანი სისხლით იყო სავსე. მოვითხოვე შეხვედრა ციხის უფროსთან, რომელიც დაახლოებით 10 წუთში მოვიდა და მორიგე ქირურგთან გამიყვანა”, – ვკითხულობთ ბაჩიაშვილის წერილში.
ბაჩიაშვილი მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამჟამად ის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მსჯავრდებულმა სახალხო დამცველს სთხოვა, არ გაესაჯაროებინათ ინფორმაცია, სანამ მისი ადვოკატების მხრიდან არ გახდებოდა საჯარო.
ცნობისთვის, 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე”.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე დამნაშავედ ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში”, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში”, ანუ ფულის გათეთრებაში
პენიტენციური სამსახურის პასუხი
მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის წერილი გასაჯაროვდა, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყება ხაზს უსვამს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცილისმწამებლურია.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო არა სამარტოო, არამედ 4 ადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულ გ.ბ.-სა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში”, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებების გამო, ამავე სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება მეორე მსჯავრდებულიც.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე.”-ვკითხულობთ განცახდებაში
ოპოზიციის სოლიდარობა
ოპოზიციური პარტიები ბაჩიაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მომხდარს „ქართული ოცნების” ხელწერად აფასებენ.
„ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს. ეს არის ივანიშვილის დავალებით განხორციელებული ძალადობა. ოცნების მხარდამჭერებს ვეკითხები – ციხეში პატიმრების ცემა არაფერს გახსენებთ?” – წერს პარტია „ცვლილებებისთვის” დამფუძნებელი გიორგი გახარია.
სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან.
„მხოლოდ მტკიცე სახალხო წინააღმდეგობის და რეჟიმთან ართანამშრომლობის გზით შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფსისგან ვიხსნათ და მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ერთმანეთის მოსმენით და თანასწორი, სამართლიანი გარემოს შექმნით კვლავ შევუდგეთ საერთო კეთილდღეობის შენებას”,- ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარს გამოეხმაურა ენმ-ს ლიდერი თინა ბოკუჩავაც:
„ერთადერთ შეფასებას, რასაც გავაკეთებდი არის ის, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერ პირთან, ეს იქნება არალეგიტიმური მთავრობის დღევანდელი თანამდებობის პირი, მისი პროპაგანდისტი, თუ ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან – კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან, ერთ დროს, თანამშრომლობდნენ, ” – განაცხადა ბოკუჩავამ.
მომხდარს გამოეხმაურა ექსპრეზიდნეტი სალომე ზურაბიშილიც, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს საგანგაშოა.
„ქვეყანაში უკვე სრული განუკითხაობა სუფევს, ყველა მხრივ. ხომ ვხედავთ, რა ხდება სასამართლოში და რანაირი სასამართლოა დღეს საქართველოში, რომელიც აღარ ექვემდებარება არცერთ სტანდარტს გარდა იმისა, რომ ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას. დღეს, ამას ემატება ის, რაც გავიგეთ, თუ რა პირობებია ციხეში შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლები არიან. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ ციხეში დაცული არ იყოს ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, როგორც ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტები. ჩვენ აქ უკვე აღარ ვართ.”-წერს ზურაბიშილი.