საქართველო 19 ივლისის აქციის მოლოდინში – როგორ აისახება ვიზალიბერალიზაციის საფრთხის ქვეშ დაყენება საპროტესტო მუხტზე

ქვეყანაში მიმდინარე პროტესის მონაწილეები კიდევ ერთ აქცია-მსვლელობას აანონსებენ. 19 ივლისის მსვლელობას უერთდებიან როგორც ოპოზიციური პარტიებიდან (აქ განსაკუთრებით ბოიკოტში მყოფები აქტიურობენ), ისე სამოქალაქო სექტორიდან. პროტეტს უერთდება სტუდენტების ნაწილიც, მოთხოვნები არ იცვლება – პოლიტპატიმრების გათავსუფლება და ახალი არჩევნები.

„ასეთი ერთჯერადი აქციები შეიძლება მოაწყონ მეტ-ნაკლებად ხალხმრავალი, იმასთან შედარებით, რაც ყოველდღიურად არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება”,- განაცხადა „რეზონანსთან” ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ.

„თუ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრა, წესით, უფრო მძლავრი ტალღა წამოვა, ბევრი ადამიანი ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს. ასევე ემიგრანტების რაოდენობა დიდია”,- განაცხადა პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.

„თავისუფლების მოედნის” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ბოიკოტში მყოფი 8 პარტიის სახელით 7 ივლისს წაიკითხა განცხადება და მოქალაქეებს მოწოდა, რომ 19 ივლისს აქციას შეუერთდნენ. ამაზე სტუდენტების ნაწილმაც გააკეთა განცხადება.

„ჩვენ, სტუდენტები ვირჩევთ წინააღმდეგობისა და რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლის გზას. რეჟიმის პირობებში ჩატარებულ ფარსს არასდროს ერქმევა არჩევნები. 4 ოქტომბერს ქართული ოცნება გეგმავს რუსულ სპეცოპერაციას. ყველა სუბიექტი, ვინც მიიღებს მონაწილეობს ამ ფარსში, გადაუხვევს წინააღმდეგობისა და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გზას. სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების” რეჟიმს ჩამოვშლით. 19 ივლისს, 7 საათზე გაიმართება მსვლელობა თსუს 1 კორპუსიდან პარლამენტამდე”, – აღნიშნა სტუდენტმა ლუკა ხიზაძემ.

„19 ივლისს, 19:00 საათზე თსუ-დან პარლამენტამდე მსვლელობას გავმართავთ მოქალაქეები, რომლებიც ვიაზრებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა მხოლოდ დააკანონებს იმ ქაოსსა და უსამართლობას, რომელშიც რეჟიმი ქვეყანას ძირავს”, – ნათქვამია ბოკერია-ჩერგოლეიშვილის „ფედერალისტების” განცხადებაში.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ 19 ივლისს განსაკუთრებული არაფერი იქნება.

„ევროპის კრიტიკა და ა.შ. არ იმოქმედებს საპროტესოდ გამომსვლელთა რაოდენობაზე, მაგრამ საორგანიოზაციო ელემენტი იმოქმედებს. ადამიანებს, ვინც გეგმავდნენ და ასეთ აქციებს აანონსებენ, კიდევაც აქვთ საორგანიზაციო და ფინანსური საშუალებები და ასეთი ერთჯერადი აქციები შეიძლება მოაწყონ მეტ-ნაკლებად ხალხმრავალი, იმასთან შედარებით, რაც ყოველდღიურად არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაფერი განსაკუთრებული არ იქნება. როგორც იყო 26 მაისს, ამას წინადაც რომ მოაწყვეს აქცია, აი ამ ფარგლებში, მეტი არა”, – განაცხადა მამრაძემ.

მისი თქმით, დღეს ოპოზიციას ისეთი აქციის გამართვა არ შეუძლია, რომელიც პოლიტიკურ პროცესში გარდამტეხ როლს შეასრულებს.

„ბევრს ეცადნენ, მაგრამ დადასტურდა, რომ არ შეუძლიათ. ამის აღარც ფულადი რესურსი არ აქვთ და რაც მთავარია, რესურსი არაა იდეოლოგიაში. ყველაფერი გააკეთეს ძალაუნებურად იმისთვის, რომ საკუთარი თავისა და საკუთარი ლოზუნგების სრული დისკრედიტაცია მოეხდინათ.

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარა გარკვეულ ფენაზე მოქმედებს, მაგრამ არც ესაა საკმარისი იმისთვის,რომ მეტ-ნაკლებად საერთო სახალხო მოძრაობის რაღაც კონტურები გამოჩნდეს”, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერდა, იმოქმედებს თუ არა ეს საპროტესტო მუხტზე, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„შეიძლება ამან გამოსვლებზე იმდენად არ იმოქმედოს, რამდენადაც ხალხის განწყობაზე, რომ, აი, იმდენი ქნეს, რომ უვიზო მიმოსვლა ვერ შეინარჩუნეს. საკმაოდ ბევრისთვის ეს კომფორტულია. კი არ ვამბობ, რომ ყველა ეს ადამიანი მაინცდამაინც ქუჩაში გავა, მაგრამ განწყობის მხრივ ეს გარკვეული ფაქტორი იქნება. გარკვეული იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ესმის, ეს მოდის ევროკავშირის ბიუროკრატებიდან, რომლებიც შეკრულები არიან „ნაცმოძრაობასთან” და მასთან დაახლოებულებთან საქართველოში.

„ეს აქციები უფრო იმისთვის ტარდება, თავიანთ სპონსორებს აჩვენონ, რომ დასავლეთის ძალისხმევა ტყუილად არ იკარგება – ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო, ახლა ევროკომისია წერილს ამზადებს და ა.შ. დასავლეთის ყოველი ასეთი მოძრაობა, საქართველოში გამოძახილს პოულობს და პროევროპულ გზაზე დამდგარ ადამიანებს მატებს ხალისს, ბრძოლისუნარიანობას ზრდის და ა.შ. ამისთვისაა ეს”, – განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან”.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი პირიქით, ფიქრობს, რომ 19-ში ბევრო ხალხი გამოვა.

„ევროპის პოზიცია საპროტესტო ტალღას გაააქტიურებს და მგონია, რომ 19 ივლისს ბევრი ხალხი გამოვა. თავის მხრივ „ოცნება” შეეცდება პროპაგანდა აწარმოოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხი ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას დააბრალოს, ამიტომაც აღნიშნულს უნდა დაუპირისპირდნენ ისინი.

„ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია მინიმუმ თვეში ერთხელ ტარდება და ახლაც ბევრი გამოვა. მით უმეტეს ეს გამოსვლა ემთხვევა ევროკავშირის ფარგლებში საკითხის განხილვას, იგივე ბრიტანეთის მხრიდან სანქციების შესაძლო ამოქმედებას, აშშ-ს მხრიდან მეგობარი აქტის განხილვას, ამასთან ქვეყნის შიგნით ვითარება დღითიდღე უარესდება დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის კითხით.

„თუ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქრა წესით უფრო მძლავრი ტალღა წამოვა, ბევრი ადამიანი ხელისუფლებას მოსთხოვს პასუხს. ასევე ემიგრამტების რაოდენობა დიდია, უცხოურ გადმორიცხვებზე მიდიდა საქართველოს მშპ-ს სადღაც 14%, პირველ რიგში ევროკავშირიდან, რადგან იგივე იტალიაში, გერმანიაში, საბერძნეთშია ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებული. სამწუხაროდ საქართველო უცხოეთიდან გადმორიცხულ თანხებზეა დამოკიდებული, ამით გარკვეულწილად საგარეო სავაჭრო დეფიციტი იფარება. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თავის მხრივ დაარტყამს ეკონომიკას, მათ შორის ლარის კურსზე აისახება, ისედაც ინვესტიციები ნაკლები შემოდის”, – განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან”.