პრემიერი ბრიუსელს „საბჭოურ მიდგომაში” ადანაშაულებს, თუმცა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება” ევროკავშირის ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირთან „მზადაა დისკუსიისთვის” ევროკომისიის 8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და როგორც კობახიძემ დასძინა, თუ ინტერესი არის და თუ საქმეს სჭირდება, მზადაა „დღესვე გაფრინდეს ბრიუსელში”.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ოცნება” ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულებას არ აპირებს. მათი შეფასებით, უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, ყველაფერი დგება საფრთხის ქვეშ, ათიათასობით მოქალაქე სწავლას და მკურნალობას ვერ შეძლებს, დროებითი დასაქმების პროგრამები შეჩერდება და ამ ყველაფერს ექნება უმძიმესი ეკონომიკური შედეგი, მათ შორის ოპოზიცია სიღარიბის ზრდაზე საუბრობს, რაც გადაივლის მოქალაქეების თავზე და ჯიბეზე.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და ტყუილია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, თითქოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ადამიანის სიცოცხლეზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.
„მინდა არალეგიტიმური მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებას გამოვეხმაურო, რომლებმაც თქვეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ეგზისტენციალურად საჭირო არ არის. გააჩნია ვისთვის! – ალბათ, კობახიძისთვის არა, მაგრამ იმ 50 000 ადამიანისთვის, რომელიც 2024 წელს უცხოეთში სამკურნალოდ გაემგზავრა და აქედან მესამედზე მეტი ევროპაში წავიდა, მათთვის ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია.
„სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა და მედიცინა არ არის იმ დონეზე, რომ ყველა დაავადებას თანამედროვე მეთოდებით უმკურნალონ.ეს მონაპოვარი, რაც ვიზალიბერალიზაციის სახით გვაქვს, უნდა არსებობდეს, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – განაცხადა ვატო სურგულაძემ.
ვიზალიბერალიზაციის რისკების შესახებ კითხვის საპასუხოდ კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნების გარდა უამრავი ქვეყანაა, თუ გინდა, კონკრეტული მიმართულებით სამედიცინო დახმარება მიიღო – „ეს არის თითიდან გამოწოვილი ამბავი”.
პრემიერი კვლავ მეორე ფრონტის გახსნისა და გლობალურ ომის პარტიის თემას უბრუნდება, მისი თქმით, ომის პარტიას „სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და ქვეყნის წინააღმდეგ გაცხოველებულ შანტაჟს აწარმოებინებს.” მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე მძლავრი ზეწოლაა და მათი „ყველა ნაბიჯი” ხელისუფლების ცვლილებასა და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება.
სპეციალურად ჩანიშნულ ბრიფინგზე პრემიერმა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციაც ახსენა, მეტიც, კობახიძე ფიქრობს, რომ ტრამპის ხელისუფლება კვლავ „დიფ სტეიტთან” ბრძოლაშია, მოქმედმა ადმინისტრაციამ დღემდე არაფერი გააკეთა, რათა გამოესწორებინა ბაიდენის ადმინისტრაციის „შეცდომები საქართველოსთან მიმართებით”.
პრემიერი დასძენს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა.
„არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ომის საფრთხე არსად წასულა. გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის საკითხი თავიდან ბოლომდე ევროპის კისერზე ჩამოკიდოს, რითაც ეცდება ორი კურდღელი დაიჭიროს – ერთდროულად დაანგრიოს ევროპაც და რუსეთიც. ამ გეგმაში კი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც ეს ომის დაწყების მომენტში იყო”,- განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, „ამ უმძიმეს პირობებში გვმართებს უკიდურესი სიფრთხილე, რათა საზოგადოება არ დაჰყვეს ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამოსულ შანტაჟს და პროვოკაციებს და არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ქვეყანას უპირობო განადგურებას უქადის”.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირი მკვეთრად დეგრადირდა და განსხვავებულ აზრს დევნის, რაც ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვასა და ინკვიზიციას ახსენებს.
„როდესაც ევროკავშირი გვთხოვს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, სადაც წერია, რომ კაცი უნდა დარჩეს კაცად, მახსენდება ევროპის შუა საუკუნეების ისტორია, სადაც იყო ინკვიზიცია და ადამიანებს წვავდნენ. ევროპაში ადამიანებს წვავდნენ განსხვავებული აზრის გამო. ჯორდანო ბრუნო დაწვეს იმის გამო, რომ ის ადასტურებდა დედამიწის ბრუნვას. დღეს კი, ადამიანებს წვავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ – კაცი კაცია და ქალი ქალია. ევროპული ბიუროკრატია გვეუბნება, რომ ამის გამო ვიზალიბერალიზაცია უნდა გაგვიუქმდეს და კოცონზე დაწვან ჩვენი ვიზალიბერალიზაცია,” – განაცხადა მან.
„ოცნების” თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან აბსურდული კანონების მიღებას ითხოვს, რაც, მისივე შეფასებით, „სირცხვილი და ინკვიზიციაზე უარესი უბედურებაა”.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საფრანგეთში ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით და მას ორმაგი სტანდარტი უწოდა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან დისკუსიის არ შეეშინდებოდათ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად, დისკუსიას გაურბიან, საბჭოური მიდგომით მოქმედებენ”, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი აშშ-ს კვლავ სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის „სუფთა ფიურცლიდან დაწყებას” და ამბობს, რომ ეს იყო ყველა წერილის, თუ კომუნიკაციის შინაარსი ვაშინგტონთან. კითხვაზე, რატომ თქვა ივანიშვილმა უარი რობინ დანიგანთან შეხვედარზე, რათა მოესმინა, რას ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული ურთიერთობის გადატვირთვაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ „სანქციების და შანტაჟის პირობებში, არასწორი იქნებოდა მისი მხრიდან ასეთი შეხვედრის გამართვა”.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პენსიაზე გავიდა, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში”. კობახიძემ ამაზეც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ „დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული”.
პრემიერს თვალსწიერიდან ოპოზიციაც არ გამორჩენია, მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს ჰყავდა „2 მთავარი მოქმედი პირი: ერთ მხარეს იყო პირობითად, მელია და მეორე მხარეს იყო გახარია, ევროპული და ყოფილი ამერიკული ბიუროკრატია გულმხურვალედ იცავდა როგორც მელიას, ისე გახარიას”. მისი შეფასებით, კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მოითხოვა „გამოძიების ბოლომდე მიყვანა”.
უნდა აღნიშნოს, რომ „კოალიციამ ცვლილებისთვის” და „ნაციონალურმა მოძრაობამ” საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს მიმართეს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარტიამ აღნიშნული პროცედურული განაცხადი გააკეთა, რადგან ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია პარტიის ეფექტიან საქმიანობასთან და არა „ე.წ. არჩევნებში მონაწილეობასთან”.
კობახიძის თქმით, „კოალიციამ ცვლილებისთვის” და „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან აღნიშნული „ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”.
„სპეკულაციებში ვერ შევალ. რეალურად, მათ რეგისტრაციის გავლა სჭირდებათ, რადგან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნომერი შეინარჩუნონ. მათ რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და საარჩევნო ნომერი რომ არ აეღოთ, ამ შემთხვევაში, მათ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდათ. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია”, – განაცხადა კობახიძემ.