ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთ ნაწილში, სამართალდამცავი ორგანოების სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი პოლიციელი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, აფეთქება 18 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:30 საათზე ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის ბისკაილუზის ცენტრის სასწავლო აკადემიაში მოხდა, სადაც შერიფის დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმები და ბომბების გამანადგურებელი რაზმია განთავსებული.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აფეთქება დაწესებულების სპეციალური აღსრულების ბიუროს ავტოსადგომზე მოხდა. Los Angeles Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების დროს ბომბების გამანადგურებელ რაზმს ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.
აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია და ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.
X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ ინციდენტს „საშინელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ადგილზე ფედერალური აგენტები იმყოფებიან და „დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მუშაობენ“.