ქ. თბილისის ცენტრალურ სარკინიგზო სადგურთან მდებარე ერთ-ერთი სახლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
რამდენიმე წლის წინ სერბეთის ერთ-ერთი ქალაქის სახლს კუთხე ჩამოტყდა და მსხვერპლი გამოიწვია. ეს შემთხვევა საბაბი გახდა ოპოზიციისთვის საპროტესტო, ფართომასშტაბიანი მიტინგების და ანტისახელისუფლებო გამოსვლების დაწყების, რაც დღესაც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მკაცრი ნაბიჯი გადადგა — მერიისა და მშენებარე ობიექტის დამნაშავე პასუხისმგებელ პირთა დასასჯელად.
თბილისის შემთხვევა გამონაკლისი არ არის საერთაშორისო საქალაქო ცხოვრებისთვის, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება. შესაბამის ზომებსაც ყველგან იღებენ მათ მიმართ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება. თბილისი ამ შემთხვევაში უნიკალურია, ვინაიდან პასუხისმგებელ პირებს, ამ შემთხვევაში მერიას პასუხს არვინ სთხოვს და მერიაც, მერის სახით ამომრჩეველს ტრაფარეტული, შინაარსმოკლებული სიტყვებით „ამშვიდებს“ — რა ვქნათ, მცხოვრებლები გავაფრთხილეთ, ავარიულია, სხვაგან გადასვლაც შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრესო და ა.შ. რომ იტყვიან — კრება დარჩა მხიარული.
გააფრთხილეს, როგორც ჩანს ზერელედ. მაცხოვრებლებმა ჩათვალეს, რომ გაფრთხილების უკან მერიის სხვა ზრახვები დგას — შენობის დანგრევა და ახლის აშენება — ვინ იცის როდის და იმ ახალში ძველ მობინადრეთათვის ბინების გამოყოფა-არგამოყოფა, უფრო სწორად არგამოყოფა.
ნდობა მერიის მიმართ ნულს უტოლდება, ამიტომაც გადაწყვიტეს მაცხოვრებლებმა დარჩენა.
მერი მართალია, ვინაიდან სთხოვა მობინადრეებს გასვლა, მაგრამ არ გავიდნენ. როგორც ჩანს არც მერმა იცოდა, რამდენად კრიტიკულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე და ჩათვალა, რომ სარისკო არაფერია და გააგრძელა ცხოვრება.
შედეგი მერიის ზერელობისა სახეზეა — 2 ადამიანის შეწყვეტილი ცხოვრება. თბილისის მერის არგუმენტები არა მარტო ამ შემთხვევაში, სხვაშიც კლდეს ხეთქავს — ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონია მას. ხეთქავს, მასსავით ზერელე ხელისუფალთა თავებს, რომლებიც ცივ ნიავსაც არ აკარებენ კალაძეს.
ვაკის პარკის მემორიალის გარემონტების შემდეგ წყალში ჩასული გოგონა დაიღუპა. მერმა ბრძანა — მერემონტეს დავსჯითო. მერი არაფერ შუაშია, საქმის შემსრულებელია დამნაშავეო.
კალაძე მართალია. პირადად მას, თავისი ხელით ხომ არ გაურემონტებია მემორიალი?
მკითხველს ემახსოვრება გაზის მილის დაზიანება, რომელმაც უგაზოდ დატოვა ნახევარი თბილისი. მერი არაფერ შუაშია — გაზის მესვეურების საქმეაო და მალე მოაგვარებენო. ქართულად ნათქვამი „მალე“, უარყოფითად რომ აღიქმება იმავე ქართველის მიერ ჩვეულებრივი რამაა, ვინაიდან დაპირება მალე კი არა, ძალიან გვიან სრულდება.
კვირა ისე არ ჩაივლის, შუქი ან წყალი არ გამოირთოს. მერია არც ამ შემთხვევაში არის სასაყვედურო, ვინაიდან წყლით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა მერიის კი არა, სხვისი საქმეა.
არც ამორტიზებული ლიფტების გამოცვლა არის მერიის საქმე და არც საწვიმარი მილების, დაჟანგულის და მწყობრიდან გამოსულის შეცვლა ყოფილა მერიის საქმე.
მაშ, რა არის მერიის საქმე — იკითხავთ. ალბათ მიწისქვეშა კომუნიკაციების გარემონტებაა მერიის საქმე ან სახლების ფასადების გარემონტება?
დიახ! ასეა, მაგრამ ამ საქმეს მერია თავს არიდებს. და თუ არ, და ხელი მოჰკიდა — ერთი თვის საქმეს, ერთ წელსა და მეტს ანდომებს — სავალალო შედეგით. ისეთით, როგორიც ვიხილეთ ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირების რეკონსტრუქციით.
ამ ორი გამზირის დამახინჯებით, მერიამ სილა გააწნა თბილისელებს. და მერე რა?
არც არაფერი. გარემონტებამ რაც მოიტანა — გამუდმებული საცობებია, ავტომანქანის სავალი ნაწილის დავიწროებაა და სავალ ნაწილზე ხელოვნური ბუჩქების დარგვაა, ველობილიკების გაკეთებაა და საქალაქო ავტობუსების ქუჩის შუა ნაწილში გაშვებაა.
რაც მერიამ კარგად იცის — ხელოვნური ბუჩქებით და დეკორატიული ნარგავებით ქუჩების „დამშვენებაა“. როგორც ამბობენ, დეკორატიული მცენარეებით გატაცება დიდ ფულთან არის დაკავშირებული და არა ქალაქის გალამაზებასთან. არადა რა სილამაზეზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სახლების ფასადები ცვივა, კანალიზაცია სისტემატურად იფრქვევა, სასმელი წყლის მილები წამდაუწუმ სკდება და მდინარესავით მოედინება ქუჩებში.
თბილისი, იმ ტანდაუბანელ ქალს მაგონებს, რომელსაც ტუჩებზე წითელი „პომადა“ აქვს წასმული, ხოლო ტანს, თვეობით წყალი და საპონი რომ არ მიკარებია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი