მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმის ცნობით, ტყვედ აყვანილი პირები და მძევლების ოჯახები 25 ივლისს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა დოჰადან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მომლაპარაკებლები გაიწვიეს. ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL აქვეყნებს.
შეხვედრაში მონაწილეებს შორის იყვნენ „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი კიტ და ავივა სიგელები; მძევლად მყოფი ომრი მირანის მეუღლე ლიშაი მირან-ლავი; ტყუპი ძმების გალის და ზივ ბერმანების უფროსი ძმა ლირან ბერმანი და სხვები.
„მე, კიდევ ერთხელ, ვადასტურებ ჩემს ურყევ ერთგულებას საკითხის მიმართ – მძევლების შესახებ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რაც თითოეულ მათგანს ოჯახებში დააბრუნებს და ბრძოლაც დასრულდება“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მძევლების ოჯახებმა რუბიოს მადლობა გადაუხადეს მათთან შეხვედრისა და ტყვეების მიმართ მისი „ურყევი ერთგულებისთვის“.
„ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, რაც მათ ძალებს არ აღემატება, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს, არ ჩაიშალოს და ეს შესაძლებლობა არ დაიკარგოს“, – განაცხადეს მძევლების ოჯახების წევრებმა.
„ასეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ ვალდებულები ვართ, შევახსენოთ ყველა მხარეს წარუმატებლობის ფასი: 2024 წლის აგვისტოს ტრაგედია, როდესაც ექვსი მძევალი სასტიკად მოკლეს, მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ. ეს დამანგრეველი დანაკარგი აღარასდროს უნდა განმეორდეს“, – აღნიშნეს ოჯახებმა და დასძინეს, რომ „ეს კრიტიკული მომენტია. შეთანხმება უნდა დაიდოს და თითოეული მძევალი სახლს უნდა დაუბრუნდეს“.