ტაილანდმა კამბოჯასთან საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ტაილანდმა კამბოჯასთან მოსაზღვრე რვა რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

უკვე მეორე დღეა, ორ ქვეყანას შორის, საზღვრის გასწვრივ, შეტაკებები გრძელდება. ძალადობის პროვოცირებასა და ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

კამბოჯამ ტაილანდს ცეცხლი რაკეტებითა და არტილერიით გაუხსნა, ტაიალანდმა კი F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებით იერიში მიიტანა კამბოჯის სამხედრო ობიექტებზე.

დაპირისპირებისა და კონფლიქტის გაფართოების ფონზე, დასახლებულ ტერიტორიებს ტოვებენ ადგილობრივები. ტაილანდის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ასი ათასამდე მცხოვრებმა სახლები დატოვა და დროებით თავშესაფარშია გადასული. კამბოჯის მხარე 23 000-მდე ევაკუირებულის შესახებ იუწყება.

პარალელურად, ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „კონფლიქტში მესამე მხარის შუამავლობა საჭირო არ არის“. შეგახსენებთ, დაპირისპირების დაწყებისთანავე, მსოფლიოს ლიდერებმა ორივე ქვეყნის ხელმძღვანელებს დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამ ეტაპზე, საბრძოლო მოქმედებები საზღვრის გასწვრივ, 12 ადგილზე მიმდინარეობს.

ამასობაში, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის თავმჯდომარეა, ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებს მოლაპარაკებების ხელშეწყობა შესთავაზა, რაზეც ტაილანდის საგარეო საქმეთა მინისტრისგან უარი მიიღო. „სიტუაცია ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ განცხადებების გაკეთება“, – მტკიცედ აღნიშნა ნიკორნდეი ბალანკურამ.

ტაილანდის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს, 14 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო კამბოჯის ხელისუფლების ცნობით, ოდარ მინჩიში სულ მცირე, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კონფლიქტს აშშ გამოეხმაურა და ლიდერებს „საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ“ მოუწოდა.

ჩინეთმა, რომელსაც პოლიტიკური და სტრატეგიული კავშირები აქვს კამბოჯასა და ტაილანდთან, განაცხადა, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ ვითარებით და იმედოვნებს, რომ ორივე მხარე შეძლებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას.