დღეს, 28 ივლისს, აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკური წარმომადგენლები სტოკჰოლმში მოლაპარაკებებს განაახლებენ, რათა შეეცადონ, ხანგრძლივი ეკონომიკური დავები მოაგვარონ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ჩინეთს 12 აგვისტომდე აქვს ვადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან გრძელვადიანი სატარიფო შეთანხმების მისაღწევად, მას შემდეგ, რაც პეკინმა და ვაშინგტონმა მაისსა და ივნისში წინასწარ შეთანხმებებს მიაღწიეს, რათა დასრულებულიყო ორმხრივ ტარიფებთან დაკავშირებული ესკალაცია და იშვიათი ლითონების ექსპორტის აკრძალვა.
სტოკჰოლმში მოლაპარაკებები მას შემდეგ იმართება, რაც ერთი დღით ადრე ტრამპმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს, რომელიც აშშ-ში ევროკავშირის ექსპორტის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის ავტომობილებზე, 15%-იან ტარიფს ითვალისწინებს. ბლოკი ასევე შეიძენს 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ ენერგორესურსებს და მომდევნო წლებში დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.
აშშ-ისა და ჩინეთის მოლაპარაკებებში მსგავსი გარღვევა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, სავაჭრო ანალიტიკოსების თქმით, მაისის შუა რიცხვებში მიღწეული ტარიფებისა და ექსპორტის კონტროლის ზავის კიდევ 90 დღით გახანგრძლივება სავარაუდოა.
„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩინეთთან შეთანხმებასთან. ჩვენ რეალურად მივაღწიეთ შეთანხმებას ჩინეთთან, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს კვირას, 27 ივლისს, ევროკავშირთან სატარიფო შეთანხმების მიღწევამდე.