ვხედავთ, რომ ბალტიისპირეთში ბოლშევიზმი თანამედროვე სახით, მაგრამ ძველი სახელებითა და გვარებით დაბრუნდა – გასაკვირი არ არის, რომ “დიფ სთეითის” მართული ხელისუფლებები მოქმედებენ ისე, როგორც ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ და ფაშისტურ დასავლეთში მოქმედებდნენ, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ გორდულაძე ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქციებს.
გორდულაძის განცხადებით, როგორი მუქარა, შანტაჟი და სანქცია არ უნდა იყოს “დიფ სთეითის” მიერ მართული მარიონეტების მხრიდან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.
„ეს არის ბოლშევიზმი, როცა საფუძველს მნიშვნელობა არა აქვს – მთავარია იარლიყი და გადაწყვეტილება ადამიანების დასჯის თაობაზე. განსაკუთრებულად მიუღებელია, როცა დაუსაბუთებელი მუქარა, შანტაჟი და სანქციები სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისკენ მიემართება.
სანქციები და მუქარები სასაცილოც არ არის – ეს ჩვენზე არ მოქმედებს! შეუძლებელია ქვეყნის სიყვარული სანქციას და თავისუფალ მოგზაურობას ანაცვალო. ქვეყნის ინტერესები არაფერზე არ იცვლება”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ: მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს, პროკურორ მარი მეშველიანს, პროკურორ ნათია ტატიაშვილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს, პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს. საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში ამ დროისთვის საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.