ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა გადავადდა – ახალი თარიღები ცნობილია

ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა გადავადდა. „ბიზნესპრესნიუსს“ ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ განახლებული ვიზუალის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემა ორჯერ გადავადდა – თავდაპირველად დაანონსებული ვერსიით, გაცემა 4 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო, ამის შემდეგ თარიღმა 1-ელ აგვისტომდე გადაიწია, ამჯერად კი – შემოდგომამდე.

როდიდან გაიცემა განახლებული პირადობები და პასპორტები

 

კერძოდ, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, ახალი ვიზუალის პასპორტები 6 ოქტომბრიდან გაიცემა, პირადობის მოწმობები კი – 3 ნოემბრიდან.

ცვლილებების თანახმად, განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია, მფლობელის თითის ანაბეჭდს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს, მათზე უნდა იყოს: სახელი; გვარი; მოქალაქეობა; დაბადების თარიღი; პირადი ნომერი; ფოტოსურათი; სქესი; დაბადების ადგილი; პირადი ხელმოწერის ნიმუში; გაცემის თარიღი; მოქმედების ვადა; გამცემი ორგანოს დასახელება; დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითება; ქვეყნის კოდი; დოკუმენტის ნომერი და წვდომის კოდი (CAN – Card Access Number).