აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დმიტრი მედვედევის მუქარის გამო მის მიერ გადატანილი ბირთვული წყალქვეშა ნავები უკვე რუსეთთან უფრო ახლოს არიან. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, მედვედევს „ბასრი ენა“ აქვს და რომ მას ასეთი რამ არ უნდა ეთქვა. კითხვაზე, მიუახლოვდნენ თუ არა წყალქვეშა ნავები რუსეთს, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დადებითად უპასუხა.
„ისინი რუსეთს მიუახლოვდნენ. დიახ, ისინი რუსეთს მიუახლოვდნენ“, – უპასუხა ტრამპმა.
მან ასევე დაადასტურა, რომ თუ უკრაინასთან ომში სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, აშშ სანქციებს დააწესებს.
შეგახსენებთ, 1-ელ აგვისტოს ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ორი ატომური წყალქვეშა ნავის გადაადგილების ბრძანება გასცა იმ შემთხვევაში, თუ მედვედევის პროვოკაციული განცხადებები უბრალოდ სიტყვებზე მეტი იქნებოდა.
ერთი დღით ადრე მედვედევმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ახსენა საბჭოთა ავტომატური ბირთვული დარტყმის სისტემა, „მკვდარი ხელი“ და ასევე, მოუწოდა ტრამპს, „გაიხსენოს მისი საყვარელი ფილმები მოსიარულე მკვდრების შესახებ“.