ჩინეთი უარყოფს აშშ-ის ულტიმატუმს, რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა გაგრძელდება, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.
გამოცემის თანახმად, შესაძლოა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლონ მრავალი უთანხმოების მოგვარება და სავაჭრო შეთანხმების დადება, რომელიც თავიდან აიცილებს მკაცრ ტარიფებს, თუმცა ერთ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარე ჯერ კიდევ შორს არის შეთანხმებისგან.
როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ვაშინგტონის მოთხოვნაა, რომ პეკინმა შეწყვიტოს ნავთობის შესყიდვა ირანიდან და რუსეთიდან.
„ჩინეთი ყოველთვის უზრუნველყოფს თავის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეროვნული ინტერესების საფუძველზე. იძულება და ზეწოლა შედეგს ვერ გამოიღებს. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და განვითარების ინტერესებს“, – ნათქვამია სტოკჰოლმში ორდღიანი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
გამოცემის თანახმად, აშშ ცდილობს, შეზღუდოს ნავთობის გაყიდვები რუსეთისა და ირანის მიერ, რათა შეამციროს მათი შეიარაღებული ძალების დაფინანსება.