პრემიერ-მინისტრის შემდეგ, დღეს ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება

პრემიერ-მინისტრის შემდეგ, დღეს ლიეტუვის მთელი მთავრობა გადადგება. ლიეტუვის მედიის თანახმად, ორშაბათს დილით მინისტრთა კაბინეტი გადადგომის შესახებ რეზოლუციის მისაღებად შეიკრიბება. ეს გინტაუტას პალუცკასის თავმჯდომარეობით მთავრობის ბოლო სხდომა იქნება.

რეზოლუციის მიღების შემდეგ, მოქმედი პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მეთაურს გადადგომის შესახებ წერილს წარუდგენს. მას შემდეგ, რაც ის შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს, მთელი მთავრობა გადადგება. შემდეგ პრეზიდენტს შეეძლება, ერთ-ერთი მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის პრეზიდიუმი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას გადაწყვეტს, მას მოუწევს, ეს საკითხი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან განიხილოს. სახელმწიფოს მეთაური კანდიდატის შერჩევის შემდეგ მას სეიმს წარუდგენს.

თავის მხრივ, პარლამენტარებს ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება პლენარულ სხდომაზე მისი წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა მოუწევთ.

სეიმში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე კენჭისყრა ღია ფორმატში ტარდება. მის დასამტკიცებლად საკმარისია ხმების უბრალო უმრავლესობა. თუ პარლამენტი დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, იგი ვალდებულია, დანიშვნიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პარლამენტს წარუდგინოს პრეზიდენტის მიერ ჩამოყალიბებული და დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. ასევე განსახილველად წარადგინოს მთავრობის სამუშაო პროგრამა.

მთავრობა მოქმედების უფლებამოსილებას იძენს მას შემდეგ, რაც მისი პროგრამა დამტკიცდება სხდომაზე დამსწრე სეიმის წევრების ხმების უმრავლესობით.

31 ივლისს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ პალუცკასმა გადადგომის შესახებ მიმართა. როგორც ცნობილია, ლიეტუვაში პალუცკასის გარშემო არაერთი სკანდალი აგორდა, როდესაც ჟურნალისტებმა მისი საეჭვო ბიზნესკავშირები გამოავლინეს. ამის საფუძველზე, ლიეტუვის გენერალურმა პროკურატურამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მათი გარემოებების გამოძიება დაავალა. ნაუსედამ პალუცკასს ბრალდებებზე ახსნა-განმარტებისთვის ორი კვირა მისცა.