ინდოეთის საგარეო უწყება ტრამპის განცხადებაზე – ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს – ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია

ინდოეთი თავისი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს, – ასე ეხმაურება ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ინდოეთისთვის ტარიფების გაზრდის შესახებ.

„ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტის გამო აშშ-სა და ევროკავშირის სამიზნე უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ გახდა. ინდოეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კონფლიქტის დაწყების შემდეგ ტრადიციული მიწოდების წყაროები ევროპისკენ გადაერთო. ინდოეთის მიზანში ამოღება გაუმართლებელია“, – ნათქვამია ინდოეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის მიერ „ნავთობის იმპორტი მიზნად ისახავს ინდოელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას და ეს გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებით გამოწვეულ აუცილებლობას წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს გაზრდის.

„ინდოეთი რუსულ ნავთობს არა მხოლოდ დიდი რაოდენობით ყიდულობს, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს დიდი მოგების სანაცვლოდ ღია ბაზარზე ყიდის. მათ არ ადარდებთ, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ. ამიტომ, მნიშვნელოვნად გავზრდი ტარიფს, რომელსაც ინდოეთი აშშ-ს გადაუხდის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.