საფეხმავლო ბილიკი, საპარკინგე ადგილები – თამარაშვილის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

იხეილ თამარაშვილის გამზირზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში, მიხეილ თამარაშვილის გამზირზე, N13-ის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურებს შორის არსებული ტერიტორია განახლდა. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები: მოეწყო გამწვანების კუნძულები; ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, სკვერებს შორის მოეწყო საფეხმავლო ბილიკი.

თამარაშვილის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სააგენტოს ცნობით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ, 700 კვ.მ ფართობზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაიგო ბალახის საფარი და დაირგო 1029 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი.

გარდა ამისა, მოეწყო საპარკინგე ადგილები, რაც წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენდა აღნიშნულ მონაკვეთში.

„შედეგად, გაუმჯობესდა უბნის ვიზუალურ-ეკოლოგიური მდგომარეობა, ქვეითებისთვის შეიქმნა გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტული პირობები, ავტომობილებისთვის მოეწყო თანამედროვე და მოწესრიგებული საპარკინგე სივრცე, ხოლო გარემო გახდა უფრო კეთილმოწყობილი და ფუნქციური“ – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.