უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა, რომ სუმის ოლქში უკრაინის დამცველებთან შეხვედრიდან დაბრუნებისას მას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარი ჰქონდა, რომელიც აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგა.
„ჩვენი საერთო პოზიცია ჩვენს პარტნიორებთან აბსოლუტურად ნათელია: ომი უნდა დასრულდეს. და ეს უნდა იყოს პატიოსანი დასასრული. საუბარში ევროპელი ლიდერებიც მონაწილეობდნენ და მადლობელი ვარ თითოეული მათგანის მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში გაჟღერდა“, – დააზუსტა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად დაიცავს თავის დამოუკიდებლობას.
„ყველას გვჭირდება მდგრადი და საიმედო მშვიდობა. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი, რომელიც თავად დაიწყო. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.